რუსულ ძიუდოში დოპინგ სკანდალი მძვინვარებს - რუსული სპორტული მედიების ინფორმაციით, ყველაფერი მატვეი კანიკოვსკის დოპინგზე გადამოწმების შემდეგ დაიწყო, სადაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, 2026 წლის 15 მარტს აღებულ ტესტის ნიმუშში SARMS LGD-4033 (ლიგანდროლი) აღმოჩნდა. ლიგანდროლი წარმოადგენს სელექციურ ანდროგენულ რეცეპტორულ მოდულატორს, რომელიც გამოიყენება სუფთა კუნთოვანი მასის ზრდისთვის. ასევე აუმჯობესებს ძალასა და გამძლეობას.
კანიკოვსკის შემდეგ, დოპინგ სკანდალში ასევე აღმოჩნდა 29 წლის ძიუდოისტი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის და ასევე ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი - ტამერლან ბაშაევი.
საინტერესოა, რომ კანიკოვსკი თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ჩამოსულიყო, თუმცა რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ იგი დოპინგზე ჩავარდა. მის ნაცვლად, თბილისში ტამერლან ბაშაევი ჩამოდიოდა, რომელიც +100-ში ნაკრებს დაემატა, თუმცა ის ნაკრებთან ერთად თბილისში საერთოდ არ ჩამოსულა.
გარდა ამ ორი სპორტსმენისა, რუსულ მედიაში იწერება, რომ დოპინგსკანდალში ასევე მონაწილეობს აიუბ ბლიევი, რომელიც 60 კგ-ში ასპარეზობს და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია, ასევე ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი.
გარდა ამ სამი ცნობილი ძიუდოისტისა, დოპინგსკანდალში კიდევ 14 სპორტსმენია გარეული, თუმცა მათი ვინაობები ამ ეტაპისთვის არ საჯაროვდება...
ასე და ამგვარად, საკმაოდ დიდი რისკია იმისა, რომ ამ სამ სპორტსმენს, საკუთარი მიღწევები ჩამოართვან და ტიტულების გარეშე დარჩნენ. ამ თემასთან დაკავშირებით, ევროპის ძიუდოს კავშირი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია კომენტარს მალე გააკეთებენ.
წყარო: Belive.ge