10 საათის და 44 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

დიდი წინსვლა მსოფლიო რეიტინგში - რომელ ადგილზე გადავიდნენ მაისურაძე და დემეტრაშვილი

თბილისის გრანდ სლემი ოფიციალურად დასრულდა - საქართველოს ნაკრებმა, მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, საერთო ჩათვლაში კი მეოთხე პოზიციაზე გავედით.

საშინაო კედლებში 6 მედალი მოვიგეთ, საიდანაც 2 ოქროს სინჯის იყო, 4 კი ბრინჯაოსი. ორივე ოქროს მედალს ბოლო საშეჯიბრო დღეს დავეუფლეთ.

შეჯიბრის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF), მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც მედალოსანი ქართველები მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ.

66 კგ

19 წლის თორნიკე გიგაურს, ბრწყინვალე გრანდ სლემი გამოუვიდა და მსოფლიო ტურში პირველი მედალი სწორედ საკუთარ კედლებში იზეიმა.

თორნიკემ ბრინჯაოს მედლის მოპოვებით, მსოფლიო რეიტინგში 500 ქულა დაიმატა, რითაც 26 პოზიციით წინ წავიდა და საკუთარი წონის 30-ე ნომერი გახდა. თორნიკეს ანგარიშზე 1366 სარეიტინგო ქულაა.

73 კგ

ბრწყინვალე ასპარეზობა ჰქონდა 21 წლის გიორგი ლოლაძესაც, რომელმაც გიგაურის მსგავსად IJF ტურში სადებიუტო მედალი მოიპოვა, თუმცა მან ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის - ჰიდაიატ ჰეიდაროვის დამარცხებაც შეძლო, მედალი კი ბრწყინვალე გდებითა და იპონით მოიპოვა.

ლოლაძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვებით, მსოფლიო რეიტინგში 500 ქულა დაიმატა და 78 პოზიციით წინ წაიწია. 21 წლის ქართველი ახლა მსოფლიო რეიტინგის 59-ე ნომერია (763 სარეიტინგო ქულით).

90 კგ

90 კგ-ში კარგი დღე გვქონდა, რადგან ორი მედალი მოვიპოვეთ და აქედან ერთ-ერთი უმაღლესი სინჯის იყო. მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ, საკუთარ კედლებში შეძლო და ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში ძალიან გამოცდილი სერბი - ნემანია მაიდოვი დაამარცხა და კარიერაში პირველი გრანდ სლემის ოქრო მოიგო.

მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით, მაისურაძემ 1000 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგში 6 პოზიციით დაწინაურდა, რითაც წონის საუკეთესო 5-ეულში შევიდა, კერძოდ კი მეოთხე პოზიცია დაიკავა - 3408 სარეიტინგო ქულით, ლუკა მაისურაძე მსოფლიოს მე-4 ნომერია და მესამე პოზიციაზე მყოფ ლაშა ბექაურს, მხოლოდ 37 ქულით ჩამორჩება.

ასევე კარგი ასპარეზობა გამოუვიდა ახალგაზრდა ქართველს - ლუკა ჯავახიშვილს, რომელმაც ავსტრიის გრან პრიზე მოპოვებული ვერცხლის შემდეგ, თბილისში თავი ბრინჯაოს მედლით დაგვამახსოვრა. ლუკამ ბრინჯაოს მედლის მოპოვებით, მსოფლიო რეიტინგში 500 ქულა დაიმატა, რითაც 37 პოზიციით დაწინაურდა და 1242 სარეიტინგო ქულით, 90 კგ წონითი კატეგორიის 34-ე ნომერია.

+100 კგ

თბილისის გრანდ სლემს კარგი დასასრული ჰქონდა, რადგან ბოლო ბრძოლაში ოქროს მედალი სწორედ ქართველმა - ირაკლი დემეტრაშვილმა მოიპოვა, რომელმაც გერმანელი მეტოქე ბრწყინვალე იპონით დაამარცხა.

საკუთარ კედლებში მოპოვებული ოქროს მედლით, ირაკლი დემეტრაშვილმა მსოფლიო რეიტინგში 1000 ქულა დაიმატა და 8 პოზიციით დაწინაურდა, რითაც მსოფლიოს 10 საუკეთესოში შევიდა. 3322 სარეიტინგო ქულით, ქართველი ფალავანი მე-9 პოზიციაზე გადავიდა და სულ რამდენიმე ქულით ჩამორჩება მე-8 პოზიციაზე მყოფ გურამ თუშიშვილს.

ამ წონით კატეგორიაში, ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - საბა ინანეიშვილმა, რომელმაც 500 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა. საბა ახლა 1993 ქულით მსოფლიო რეიტინგის 22-ე ნომერია.

წყარო: Belive.ge

Facebook კომენტარები