20-22 მარტს, თბილისი ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს - თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც ამ წუთის მონაცემებით, 5 კონტინენტისა და 56 ქვეყნის, 454 სპორტსმენია რეგისტრირებული.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადში, რომელმაც თბილისის გრანდ სლემზე უნდა იასპარეზოს, რამდენიმე ცვლილებაა. მთავარი სიახლე ის გახლავთ, რომ ტურნირზე 2022 და 2023 წლების მსოფლიოს ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე მიიღებს მონაწილეობას.
ლუკა მაისურაძესა და ვლადიმერ ახალკაცს 90 კგ წონით კატეგორიაში, გიორგი ჯაბნიაშვილისა და ლუკა ბაბუციძის ნაცვლად ვიხილავთ. რაც შეეხება 66 კგ წონით კატეგორიას - თბილისის გრანდ სლემზე ლუკა საგანელიძის ნაცვლად თორნიკე გიგაური იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისის გრანდ სლემზე გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. ტურნირზე საქართველოს ღირსებას 42 ძიუდოისტი (28 კაცი, 14 ქალი) დაიცავს.
წყარო: belive.ge