3 საათის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

რეიტინგი განახლდა - რომელ ადგილზე არიან ქართველი ძიუდოისტები

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ავსტრიის გრან პრის შემდეგ, განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, ცვლილებები კი ქართველ ძიუდოისტებსაც შეეხოთ. 

ქართული ძიუდოს პრესტიჟი 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის წარმომადგენელმა ძიუდოისტებმა იხსნეს: ფინალში ტატო გრიგალაშვილი ლუკა ჯავახიშვილს დაუპირისპირდა და იპონით დაამარცხა.

ამ წარმატების წყალობით, გრიგალაშვილმა 700 ქულა გამოიმუშავა და 35 ადგილით დაწინაურდა. ახლა, ტატოს მონაგარი 995 ქულაა და ის 49-ე პოზიციაზე იმყოფება. გრიგალაშვილისთვის მშობლიურ 81 კგ-მდე წონით კატეგორიაა, სადაც ის მე-3 პოზიციაზეა და მოსალოდნელია, რომ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზეც (16-19 აპრილი, თბილისი) ამ წონაში იასპარეზებს.

დიდი წინსვლა ჰქონდა 20 წლის ჯავახიშვილსაც, რომელიც ავსტრიის გრან პრის ფინალში გასვლით ერთბაშად 67 ადგილით დაწინაურდა და 742 ქულით 71-ეა. ამ წონაში მე-3 ადგილზე იმყოფება ლაშა ბექაური (3 945), ლუკა მაისურაძე (2 408) მეათეა, ხოლო გიორგი ჯაბნიაშვილი (1 915) – მე-17.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოწინავე ათეულის ბოლოშია გიორგი სარდალაშვილი (3 196), ვაჟა მარგველაშვილი (1 768) 66 კგ-ში 22-ეა, ლაშა შავდათუაშვილი (2 749) კი 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში საუკეთესო ათეულს დაუბრუნდა.

100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასევე მოწინავე ათეულს აგვირგვინებს ილია სულამანიძე (3 407), ხოლო მძიმე წონაში (+100 კგ.) გურამ თუშიშვილმა კიდევ 2 პოზიცია დაკარგა და 4 193 ქულით მე-4 ადგილზეა. ამავე წონაში ირაკლი დემეტრაშვილი (2 572), რომელმაც ლინცში ბრინჯაოს მედალი ბოლო წამზე დაკარგა, მე-17 საფეხურზეა.

ქალთა რეიტინგიდან ქართველთაგან კვლავაც მხოლოდ 2 სპორტსმენის გამორჩევა თუ შეიძლება: ეთერ ლიპარტელიანი (5 676) 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლიდერობას ინარჩუნებს, სოფიო სომხიშვილი (1 056) კი მძიმე წონაში (+78 კგ.) 38-ეა.

IJF-ის რეიტინგში მორიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს თბილისის გრანდ სლემის შემდეგ უნდა ველოდეთ, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი 20-22 მარტს უმასპინძლებს. ამ დროისთვის, ტურნირზე 56 ქვეყნის წარმომადგენელი 455 ძიუდოისტია დარეგისტრირებული.

Facebook კომენტარები