ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში ლიდერის პოზიციას არ თმობს.
ტუნისის გრან პრიზე 32 წლის ქართველ სპორტსმენს მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა განსაკუთრებული შედეგები ვერც მისმა კონკურენტებმა აჩვენეს, რის გამოც ბაზაძემ პირველი ადგილი შეინარჩუნა.
რეიტინგის ლიდერს 224 000 ქულა აქვს. ამდენივე ქულა ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისსაც დაუგროვდა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით უპირატესობა ბაზაძის მხარესაა.
ლიდერთა დუეტს საგრძნობლად ჩამორჩებიან მესამე-მეხუთე პოზიციებზე მყოფი მოფარიკავეები – ფრანგი სებასტიან პატრისი (178 000 ქულა), უნგრელი კრისტიან რაბი (173 000 ქულა) და ეგვიპტელი აჰმედ ჰეშამი (170 000 ქულა).
ბაზაძისთვის 2026 წლის პირველი ტურნირი აშშ-ის ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში გასამართი მსოფლიოს თასი იქნება.