1 დღის და 14 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"საქართველოს ნაკრები კონტრშეტევებზე ფანტასტიურად თამაშობს" - დე ლა ფუენტე

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსთან გამარჯვების (2:0) შემდეგ მატჩის შემდგომი კომენტარი გააკეთა:

"საბედნიეროდ, ესპანეთში გვყავს კარგი აკადემიის მოთამაშეები, საიდანაც ნაკრებში არაერთი კარგი ფეხბურთელი ხვდება."

"ჩემი აზრით, ამით უნდა ვიამაყოთ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ შესანიშნავ ნაკრებს ვწვრთნი."

"რა თქმა უნდა, მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, ზოგიერთი ფიქრობს, რომ 5:0 ან 6:0 უნდა მოგვეგო, მაგრამ ეს მარტივი არაა."

"საქართველოს ნაკრები თავს კარგად და გაბედულად იცავდა — მათ შესანიშნავი მეკარე ჰყავთ, დიდი ანგარიშით მოსაგებად საუკეთესო დონეზე უნდა ითამაშო."

"პენალტები უკეთესად უნდა დავარტყათ. მიკელ ოიარსაბალი კარგად მოიქცა, როდესაც ფერან ტორესს მისცა დარტყმის საშუალება. ჩვენ გვყავს სხვა ფეხბურთელებიც, რომლებმაც პენალტების შესრულება შეუძლიათ."

"ლამინ იამალის და ნიკო უილიამსის არყოფნაში გადავწყვიტეთ, განსხვავებული ტიპის გარემარბებით გვეთამაშა, რადგან ყველა პოზიციაზე ხარისხიანი ფეხბურთელები გვყავს."

"საქართველოს ნაკრები კონტრშეტევებზე ფანტასტიურად თამაშობს — ეს ევროპის ჩემპიონატზეც გამოვცადეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა პრობლემები შეგვიქმნეს. ვიცოდით, რომ ამ მხრივ ისინი ძალიან ეფექტურები არიან."

"ჩვენი ამოცანა ასეთ მომენტებში სიტუაციის გაკონტროლება იყო და ამას თავი კარგად გავართვით."

"ქართველი შემტევები ხაზებს შორის კარგად იხსნებიან, ამიტომ ჩვენი მცველები ძალიან კონცენტრირებულად თამაშობდნენ, რამაც შეტევაში უფრო აქტიურად თამაშის შესაძლებლობა მოგვცა."

"ვიცოდით, რომ ეს ასპექტი იყო მთავარი საფრთხე და კარგად გავუმკლავდით ამას,“ — განაცხადა დე ლა ფუენტემ.

Facebook კომენტარები