1 საათის და 17 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

რომელ კალათაში მოხვდა საქართველოს ნაკრები ევრო 2028-ის შესარჩევში

უეფამ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წესები დაამტკიცა. გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 9 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ახალი რეგულაციის თანახმად, საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისას ეროვნული ნაკრებების კალათებში გადანაწილება უეფას ერთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით მოხდება.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობს. არსებული წესების მიხედვით, ამ დივიზიონის ჯგუფებში პირველ და მეორე პოზიციებზე გასული ნაკრებები ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის მეორე კალათაში მოხვდებიან, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილოსნები მესამე კალათაში განთესავენ.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგის დარჩენილ შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან საბოლოო პოზიცია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მის განთესვას განსაზღვრავს.

ქართველი ფეხბურთელები ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ნოემბერში დაასრულებენ. 14 ნოემბერს ჩვენი გუნდი საკუთარ მოედანზე უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინის ნაკრებს შეხვდება.