„ლიონის“ გენერალურმა მენეჯერმა მიხაელ გერლინგერმა Actu Foot-თან ინტერვიუში კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და განმარტა, რატომ გაუშვეს გიორგი მიქაუტაძე და არა მალიკ ფოფანა. მისი თქმით, ახალი სეზონის წინ კლუბს შემოსავალი სჭირდებოდა და ფინანსური სარგებელიც აუცილებელი იყო.
„შეიძლებოდა თუ არა მიქაუტაძის შენარჩუნება? სამწუხაროდ, არა. სატრანსფერო ფანჯრით კმაყოფილი ვარ, თუ ბოლო დღეს არ ჩავთვლით. ცხრა ნომრის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელი გვაკლია და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ბოლო დღეს ერთ ვარიანტს განვიხილავდით, მაგრამ პაულო ფონსეკა დარწმუნებული არ იყო და არ გვინდოდა, გუნდში ატმოსფერო დაგვერღვა. ახალი სეზონისთვის შემოსავალი გვჭირდებოდა და ფინანსური სარგებელიც აუცილებელი იყო. რატომ გავყიდეთ მიქაუტაძე და არა ფოფანა? ორივე ფეხბურთელს ვესაუბრეთ. კლუბის პრეზიდენტი, მიშელ კანი, პირადად შეხვდა მათ და მოსაზრებები მოისმინა. ფოფანამ აგვიხსნა, რომ სურდა შეთავაზება ისეთი გუნდისგან, რომელსაც უფრო მკაფიო პროექტი ექნებოდა. სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ ვიცოდით, რომ მალიკს კიდევ ერთი წლით სურდა ჩვენთან დარჩენა.“ - განაცხადა მან.