2 საათის და 22 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ოქროს ბურთის ყოფილმა გამარჯვებულმა თქვა, რომ ჯილდოს ხვიჩა იმსახურებდა

ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა და მწვრთნელმა, ფაბიო კანავარომ, გამოცემა Il Mattino-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებაზეც ისაუბრა. უზბეკეთის ნაკრების თავკაცის თქმით, მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოს იგი ხვიჩა კვარაცხელიას გადასცემდა.

კითხვაზე, თუ ვის მიანიჭებდა უპირატესობას „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში, კანავარომ ქართველი ვარსკვლავი გამოარჩია: „ხმას ხვიჩა კვარაცხელიას მივცემდი. გასულ სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში ის საოცრებებს სჩადიოდა — მისი გენიალურობითა და არაპროგნოზირებადობით აღფრთოვანებული დავრჩი.“

ამავდროულად, იტალიელმა სპეციალისტმა ჯილდოს მფლობელის, ჰარი კეინის ტრიუმფიც სამართლიანად შეაფასა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი რაოდენობის გოლები გააქვს, „ოქროს ბურთს“ ნამდვილად იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ 541 ქულა მოაგროვა და საბოლოო რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა. პირველ პოზიციაზე ქართველი შემტევი ორი ქვეყნის — საქართველოსა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა დააყენეს, ხოლო მეორე ადგილი მას ბელგიელმა, კოტ-დ’ივუარელმა, ეგვიპტელმა, მონტენეგროელმა, პერუელმა, სალვადორელმა და ტაილანდელმა ჟურნალისტებმა მიაკუთვნეს.

რაც შეეხება საუკეთესო სამეულს, გამარჯვებულმა ჰარი კეინმა 1055 ქულა დააგროვა. მეორე პოზიციაზე 1027 ქულით კილიან მბაპე გავიდა, მესამე ადგილი კი 881 ქულით ლამინ იამალს ერგო.