7 საათის და 51 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

VIDEO: მძიმე კადრები - ამ შეჯახებით გარდაიცვალა 30 წლის ფეხბურთელი

„ტენერიფეს“ 30 წლის თავდამსხმელი ხესუს დე მიგელ ალამედა 3 ნოემბერს გარდაიცვალა, — ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ყველაფერი 2 ნოემბერს, ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში „ტენერიფესა“ და „ანდორას“ შეხვედრით დაიწყო. მატჩის მიწურულს დე მიგელი მეტოქის მეკარეს, ხესუს ოვონოს შეეჯახა, ძლიერი დარტყმა მიიღო და მოედანზე უგონოდ დაეცა.

ფეხბურთელს გულის გაჩერება დაუფიქსირდა, თუმცა სამედიცინო პერსონალმა რეანიმაციული ღონისძიებებით მისი გადარჩენა და გულის მუშაობის აღდგენა შეძლო. დე მიგელი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

3 ნოემბრის დილას „ტენერიფემ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის ნევროლოგიური მდგომარეობა გაუარესდა. მოგვიანებით კი კლუბმა მისი გარდაცვალება დაადასტურა.

„მწუხარებისგან განადგურებულები ვართ და ვერ ვიჯერებთ, რომ ეს რეალობაა. არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ უსაზღვრო ტკივილს შეამსუბუქებს. ამ მძიმე წუთებში გვერდით ვუდგავართ მის ოჯახს, ახლობლებსა და ტენერიფეს მთელ საზოგადოებას“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

გარდაცვლილის ოჯახმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ამ მძიმე პერიოდში პირადი სივრცის პატივისცემა სთხოვა.

ხესუს დე მიგელი „ტენერიფეს“ 2025 წელს შეუერთდა. მანამდე ესპანელ თავდამსხმელს „კასტელონსა“ და „უნიონისტას დე სალამანკაში“ უთამაშია.