ფრანგული მედია მარსელთან ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურში პარი სენ-ჟერმენმა მარსელის ოლიმპიკი სტუმრად 2:1 დაამარცხა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია ისევ შედეგიანი მოქმედების გარეშე იყო.
ქართველმა ვარსკვლავმა 59 წუთი ითამაშა, სანამ ლუის ენრიკე ფერან ტორესით შეცვლიდა. ფრანგულ მედიაშიც კვარას თამაში მაღალი ქულებით არ შეუფასებიათ.
Foot mercato – 4.5 ქულა: "დღევანდელმა მატჩმა იმედგაცრუება გამოიწვია. სეზონის ნელი სტარტის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ჩვეულ პოზიციაზე, მარცხენა ფლანგზე, პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელის, ტიმოთი ვეას წინააღმდეგ გამოვიდა. ქართველ ფეხბურთელს თამაშზე გავლენის მოხდენა კვლავ გაუჭირდა. მას მეტოქისთვის დიდი საფრთხე არ შეუქმნია და იშვიათად ახერხებდა გარდამტეხი მომენტის შექმნას. ორთაბრძოლებში უმეტესწილად დამარცხდა, დაგროვილმა უკმაყოფილებამ კი 39-ე წუთზე ჰარიტის წინააღმდეგ უხეშ თამაშამდეც კი მიიყვანა. ეს იყო კიდევ ერთი მეტისმეტად პასიური პირველი ტაიმი იმ ფეხბურთელისგან, რომლისგანაც გაცილებით მეტს ელიან. დემბელეს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მან ქუსლით დაარტყა, თუმცა ბურთი მარსელის კარს სულ მცირე მანძილით აცდა".
Paris fans – 3 ქულა: "რამდენიმე კარგი გადაცემა, მათ შორის ნუნუ მენდეშის მიმართულებით, თუმცა მისი კლასის ფეხბურთელისგან ეს ძალიან ცოტაა".
Maxi Foot – 5.5 ქულა: "ქართველი ფეხბურთელი მატჩის პირველ საათში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. მარცხენა ფლანგზე რამდენჯერმე საინტერესოდ იმოქმედა ნუნუ მენდეშთან და მუდმივად ცდილობდა მცველების წინააღმდეგ ინდივიდუალური თამაშით გამკლავებას. შესვენების შემდეგ დე ლანგემ მისი დარტყმული მოიგერია. აღსანიშნავია მომენტი, როდესაც დემბელეს პასის შემდეგ მან ქუსლით დაარტყა, თუმცა ბურთი ძელს სულ მცირედით აცდა. ეს საკმაოდ კარგი თამაში იყო, თუმცა საბოლოო ჯამში, მას მატჩის ბედზე გადამწყვეტი გავლენა არ მოუხდენია".
Goal – 5 ქულა: "რთული საღამო გამოდგა ქართველი ფეხბურთელისთვის, რომელსაც მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან, თავისუფალი სივრცის მოძებნა უჭირდა. ის მატჩის დაწყებიდან ერთი საათის გასვლამდე შეცვალეს - ეს იყო ტაქტიკური გადაწყვეტილება, რომელმაც საბოლოოდ სტუმრებს სასურველი შედეგი მოუტანა".
ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის სეზონში 5 მატჩში 1 საგოლე პასი აქვს (მონაკოსთან). მან ორჯერ თითო ტაიმი ითამაშა, სამჯერ კი დაახლოებით თითო საათი. მოკლედ, "ოქროს ბურთის" პრეტენდენტმა ფეხბურთელმა ახალი სეზონი მისთვის არასახარბიელოდ დაიწყო.
პსჟ-ს 5 თამაშიდან 8 ქულა გაუხდა და მე-6 ადგილზე აღზევდა. 10 ოქტომბერს, სანაკრებო პაუზის მერე პსჟ "პარკ დე პრენსზე" ლე მანს უმასპინძლებს. მარსელი კი კრიზისშია, 3 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-17 პოზიციაზეა. 11 ოქტომბერს გუნდი სტუმრად ტრუას შეხვდება.