3 საათის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ამას მე ვერავინ დამაბრალებს" - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე

2026/27 წლების ერთა ლიგის გათამაშების დაწყებამდე ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა.

"ჩრდილოეთ ირლანდიასთან პირველი თამაშის შედეგი უმნიშვნელოვანესი იქნება. რაც შეეხება ჩვენს მიზანს – ერთა ლიგაზე 6 თამაშია და ჩვენი საბოლოო მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვება და A ლიგაში გადასვლაა. 

"წინა გათამაშებაში საკმაოდ რთულ ჯგუფში ვიყავით და B ლიგაში ადგილის შენარჩუნება წარმატება იყო, მაგრამ ახლა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა და ელიტაში დაწინაურება გვსურს.

"ოქროს ბურთი? როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება, როგორც წესი, გამარჯვებული ხდება ის მოთამაშე, რომელიც ამ ტურნირზე საუკეთესოდ ითამაშებს. მაშინ, როდესაც ეს ინტერვიუ მივეცი, ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე. მაშინ ნამდვილად მიმაჩნდა, რომ ოლისე გამორჩეული იყო მუნდიალზე და მთავარი ფავორიტი იქნებოდა ოქროს ბურთის მოგებისთვის. ვიცით, რომ საფრანგეთითვის ყველაფერი ცუდად დასრულდა მუნდიალზე და ოლისესთვისაც, რომელმაც გადამწყვეტი თამაშები ჩააგდო. შესაბამისად, დღეს ფავორიტად აღარ მიიჩნევა. დღეს, უკვე შეიძლება სხვა ფეხბურთელები იყვნენ ფავორიტები, რომლებსაც სეზონი ჰქონდათ კარგი და ამ შემთხვევაში, კვარაც ხდება ფავორიტი.

მიმაჩნია, რომ ახლა ის მბაპესა და კეინთან ერთად მთავარი ფავორიტია და იმედია, ხვიჩა გაიმარჯვებს. 6 წელია, რაც საქართველოს ნაკრებში ვარ და არაერთი გამოკითხვა ჩატარებულა, ყოველთვის როდესაც მე ხმის მიცემის უფლება მქონდა, მაშინაც კი, როცა შეიძლება იმ სეზონში ხვიჩა არ იყო გამორჩეული, ყოველთვის მას ვაძლევდი ხმას და არასოდეს მსმენია არავისგან, რომ სწორად მოვიქეცი ან კარგი საქმე გავაკეთე. ერთი მომენტის ასე გაზვიადება და გაბუქება, არ არის სამართლიანი და ასეთი მიდგომა სწორი არ მიმაჩნია. ყველასთან გულწრფელი ვარ, დამისვეს კითხვა და ვეცადე, პატიოსნად გამეცა პასუხი.

რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა დამიშვია და მომავალშიც დავუშვებ, მაგრამ ვერავინ დამაბრალებს, რომ მაქსიმუმს არ ვაკეთებ საქართველოს ნაკრებისთვის, თქვენი ქვეყნისთვის. ვიმეორებ, მაშინ იყო სხვა კონტექსტი, სხვა სიტუაცია, მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა. მას შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა", - თქვა სანიოლმა.