La Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ლივერპულის მეკარე ალისონ ბეკერი მზადაა კარიერა ტურინის იუვენტუსში გააგრძელოს. ბრაზილიელი თანახმაა ტურინულ გუნდს იმ შემთხვევაშიც შეუერთდეს, თუ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს. მსგავსი შინაარსის ინფორმაცია მიმდინარე კვირაში იტალიურმა Gazzetta dello Sport-მაც გაავრცელა.
ალისონს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, გიორგი მამარდაშვილის კონკურენტია, თუმცა არის შანსი, ალისონის გაშვება საკმარისი მაინც არ აღმოჩნდეს იმისთვის, რომ მამარდა ლივერპულის მთავარი მეკარე გახდეს. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში „წითლებს“ დიოგუ კოშტას უკავშირებენ და შესაძლოა, ალისონის შემცვლელად სწორედ კოშტა მოიყვანონ.
პორტუგალიური Correio da Manhã-ს ცნობით, 26 წლის დიოგუ კოშტა გუნდიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ რომელიმე კლუბი მის კონტრაქტში არსებულ 60-მილიონიან გამოსასყიდ პუნქტს სრულად აამოქმედებს. თუმცა, პორტუს ხელმძღვანელობა ბოლომდე დარწმუნებული არაა კაპიტნის დარჩენაში და სურს, სატრანსფერო ბაზრის შესაძლო მოვლენებს წინ გაუსწროს. ამის გამო, პორტუმ სანტა კლარადან 19 წლის მეკარე ჟოაუ აფონსუ დაიმატა.
მიმდინარე თვის დასაწყისში ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ნიკოლო სკირამ, ალისონის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით 33 წლის მეკარემ „ბებერ ქალბატონთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, 2029 წლის ზაფხულამდე გათვლილ ხელშეკრულებას დათანხმდა და მისი ყოველწლიური ანაზღაურება 5 მილიონი ევროს ოდენობის იქნება. კლუბებს შორის შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, თუმცა მოლაპარაკება მიმდინარეობს.
2016-18 წლებში ალისონი რომაში თამაშობდა, 2016-17 წლებში გუნდს იუვეს ამჟამინდელი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი წვრთნიდა, მისი ხელმძღვანელობით ბრაზილიელმა 15 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაუშვა და 15-დან 4 მატჩში კარი მშრალად შეინახა.