UFC-ის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მებრძოლმა ჯასტინ გეიჯიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა. ამერიკელმა სპორტსმენმა Double Coverage-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერის დასრულებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
გეიჯის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ მომავალზე აქტიურად ფიქრობს, გადაწყვეტილების მიღებამდე ოჯახის წევრებისა და ახლობლების მოსაზრებების გათვალისწინებას აპირებს.
„ვფიქრობ, საბოლოო გადაწყვეტილება თავად უნდა მივიღო, თუმცა ჩემთვის ახლობლების აზრიც მნიშვნელოვანია. ოჯახის წევრებს ვესაუბრები და მათ რჩევებს ვისმენ. ჩემს ძმას არ სურს, რომ კარიერა ახლა დავასრულო. მას უნდა, რომ ტიტულის დასაცავად ვიბრძოლო.
"საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ. ამ ეტაპზე გარკვეული პრობლემები არსებობს, რის გამოც მიმდინარე წელს ბრძოლას ვეღარ შევძლებ. UFC-მ მომცა დრო, რომ დავისვენო და მიღწეული წარმატებით დავტკბე. შობის დღესასწაულის შემდეგ დავიწყებთ საუბარს იმაზე, რა მოხდება მომავალში“, - განაცხადა გეიჯიმ.