UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკის შესახებ საუბრობს და ავსტრალიელ მებრძოლს ქვემსუბუქი წონის ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნევს.
ქართველი მებრძოლის განცხადებით, ვოლკანოვსკის მიმართ იმდენად დიდი პატივისცემა და სიმპათია აქვს, რომ მასთან განმეორებითი ბრძოლის ჩატარება არ სურს.
"სიმართლე გითხრათ, მას იმდენად დიდ პატივს ვცემ და ისე შემიყვარდა, რომ მისთვის დარტყმას ვერ შევძლებდი. ეს ძალიან კონკურენტული ბრძოლა იქნებოდა. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთხელ დავამარცხე, არ ნიშნავს, რომ მას ჩემი დამარცხება არ შეუძლია.
"პირადად ჩემთვის ის ისტორიაში საუკეთესო ქვემსუბუქი წონის მებრძოლია, ყველაზე მაღლა დგას. დიახ, მე ის დავამარცხე. მაქს ჰოლოუეიც დავამარცხე და ისეთი რამ გავაკეთე, რაც სხვას არ გაუკეთებია. თუმცა, როდესაც მის კარიერას და წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგებს ვუყურებ, მას ჩემზე გაცილებით მეტი აქვს გაკეთებული“, – განაცხადა თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი 2024 წლის თებერვალში დაამარცხა და ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.