UFC-ს მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ორგანიზაციაში მომდევნო ბრძოლას 2026 წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში გამართავს, - ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მოსალოდნელია, რომ მისი მეტოქე ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის წყვილში გამარჯვებული იქნება.
„თუ ყველაფერი გეგმისამებრ გაგრძელდა, სავარაუდოდ, ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულს 2026 წლის გაზაფხულის მიწურულს ან ზაფხულში დაიცავს. ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილება UFC-ს გეგმებზეა დამოკიდებული, თუმცა მოსალოდნელია, რომ მისი მეტოქე ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტის წყვილში გამარჯვებული გახდეს. ისინი იანვრის ბოლოს, UFC 324-ზე, იმ დივიზიონის დროებითი ქამრისთვის იბრძოლებენ“, - წერს „მარკა“.
28 წლის ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელია. ის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონია. ქვემსუბუქი წონის (65კგ) ქამარი 2024 წლის თებერვალში მოიპოვა და ოქტომბერში წარმატებით დაიცვა. შემდეგ მსუბუქ წონაში გადაინაცვლა და სატიტულო ბრძოლაში 2025 წლის ივნისში ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას სძლია.