6 საათის და 46 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

თუ ოსიმენი ვერა, მაშინ მიქაუტაძე - "იუვენტუსი" დიდ ტრანსფერს ამზადებს

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურინის "იუვენტუსს" ზაფხულის მომავალ სატრანსფერო ფანჯარზე "ნაპოლის" მფლობელობაში მყოფი ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის შეძენა სურს.

გავლენიანი იტალიური გამოცემა "Tuttosport" წერს, რომ "ბებერ ქალბატონს" ნიგერიელი ფორვარდის გარდა ასევე სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც აქვს.

ერთ-ერთი ვარიანტი კი "ლიონისა" და საქართველოს ნაკრების ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძეა:

"ტურინის „იუვენტუსი“ 2024/25 წლების სეზონის ბოლოს შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, რადგან გუნდს, სავარაუდოდ, დუშან ვლაჰოვიჩი და რანდალ კოლო მუანი დატოვებენ. ტურინელთა პირველი არჩევანი „ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენია, რომელიც ამჟამად იჯარით „გალათასარაიში“ თამაშობს.

თუმცა ნეაპოლელები ნიგერიელი ფეხბურთელის ტრანსფერს 75 მილიონ ევროდ აფასებენ. მოთამაშის დამატებას ერთდროულად ცდილობენ როგორც ევროპული, ისე აზიური კლუბები, რის გამოც „იუვენტუსს“, შესაძლოა, სხვა ვარიანტის არჩევა მოუწიოს.

პოტენციურ კანდიდატებს შორის არიან მატეო რეტეგი („ატალანტა“), ლიამ დელაპი („იფსვიჩ თაუნი“), ვიქტორ ბონიფეისი („ბაიერ ლევერკუზენი“), ლოის ოპენდა („ლაიფციგი“), არნო კალიმუენდო („რენი“) და გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“).

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე, შესაძლოა, „იუვენტუსის“ ალტერნატიული ვარიანტი გახდეს. 24 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი ტრანსფერის განხორციელება 25 მილიონ ევროდაა შესაძლებელი“, - წერს გამოცემა.

Facebook კომენტარები