ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-მ "ასტონ ვილას" უმასპინძლა და ანგარიშით - 3-1 დაამარცხა.
უპირატესობას საწყისი წუთიდანვე პარიზული გუნდი ფლობდა, თუმცა პირველი გოლი "ასტონ ვილამ" გაიტანა. მატჩის 35-ე წუთზე მორგან როჯერსმა იური ტილემანსის გადაცემა გოლად აქცია და ანგარიში გაიხსნა.
პსჟ-მ სულ რამდენიმე წუთში გაათანაბრა ანგარიში. პარიზელების 18 წლის ფეხბურთელმა, დეზირე დუემ ულამაზესი გოლი გაიტანა მატჩის 39-ე წუთზე და ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში საკუთარ თავზე აიღო და მატჩის 49-ე წუთზე ულამაზესი გოლით პსჟ დააწინაურა და ანგარიში 2-1 გახდა.
დამატებით დროში, 92-ე წუთზე პარიზულმა კლუბმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა - ნუნუ მენდეშმა საბოლოო წერტილი დასვა და მატჩი ანგარიშით 3-1 დასრულდა.
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "ასტონ ვილას“ 3:1 დამარცხების შემდეგ, პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კმაყოფილება ვერ დამალა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი:
"ისეთი შეხვედრა იყო, როგორსაც ველოდი. მეტოქე დაცვაში ჩაიკეტა და კონტრშეტევებისთვის კარგი შესაძლებლობები ჰქონდა. ჩვენი მიზანი თამაშის კონტროლი გახლდათ, რაც მოვახერხეთ. შედეგი ლოგიკურია. არაფერი შეუქმნიათ და პირველივე მომენტიდან გოლი გაგვიტანეს. ასეთ სიტუაციაში თამაშის შემოტრიალება ყოველთვის რთულია. მიმდინარე სეზონში ასეთ ვითარებაში უკვე აღმოვჩნდით, რადგან ფეხბურთი სამართლიანი არ არის. ბირმინგემში გამარჯვების მოსაპოვებლად გავემგზავრებით.
რას ვფიქრობ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ კვარაცხელიაზე? "კვარა" ძალიან უნივერსალურია. მისი შეძენა მას შემდეგ მინდოდა, როდესაც 2023 წელს აქ მოვედი. ის აერთიანებს ყველაფერს, რაც ჩვენს პროექტში ჩადებულია: ახალგაზრდობა, ბურთით და უბურთოდ თამაშის ხარისხი, მნიშვნელოვანი დაცვითი მოქმედებები და მაღალი დონის ფიზიკური მომზადება. ბევრი ინდივიდუალური უნარები და გამოცდილება გააჩნია. დღეს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს, თუმცა შეიძლებოდა ეს ჯილდო „ლივერპულთანაც“ მიეღო“.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელიც პსჟ-"ასტონ ვილას" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა:
"ძლიერი დარტყმით ვცადე და ასეც მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა მოიგო. ვფიქრობ დღეს ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და მოგება დავიმსახურეთ, მესამე გოლი ძალიან გვჭირდებოდა, მეტის გატანა შეგვეძლო. თუმცა შემდეგ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და მოედანზე ყველაფერი გავიღოთ. პსჟ-ში ყოფნით ბედნიერი ვარ" - თქვა კვარაცხელიამ.