იტალიური მედია ქართველი გულშემატკივრებისთვის საკმაოდ საინტერესო ამბავს ავრცელებს. TUTTOSPORT-ის ცნობით, „იუვენტუსი“ იანვარში და მომავალ ზაფხულშიც შეტევის ხაზის გაძლიერებას აუცილებლად შეეცდება. იტალიურ გრანდს დასუსტებული შემადგენლობის გამო ამჟამად მხოლოდ ერთი ძირითადის შემტევით, დუშან ვლაჰოვიჩით ასპარეზობა უწევს. თანაც, ტიაგო მოტას გუნდს საშუალოდ ყოველ სამ დღეში უწევს თამაში, რაც ვლაჰოვიჩის გადატვირთვასაც იწვევს. შესაბამისად, ტურინელებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ ახალი ფორვარდის დამატება.
მედიის ცნობით, შესაძლოა „იუვენტუსის“ აღნიშნული პრობლემა სწორედ მიქაუტაძის დამატებით მოგვარდეს. „ლიონს“ ფინანსური პრობლემების გამო სავარაუდოდ არაერთი ფეხბურთელის დაყენება მოუწევს სატრანსფერო ბაზარზე. ექსპერტების აზრით, ფრანგულ კლუბს მიქაუტაძის გაყიდვა ფინანსური პრობლემების საკმაოდ დიდ ნაწილს მოუგვარებს.
აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ უკვე იმუშავა ერთი ქართველი შემტევის იტალიურ კლუბში გადასვლაზე. სწორედ მისი „ნაპოლიში“ მოღვაწეობის დროს განხორციელდა კვარაცხელიას ტრანსფერი ნეაპოლურ კლუბში. შესაბამისად, მან შესაძლოა კვლავ იზრუნოს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის იტალიაში გადაბარგებაზე და მიქაუტაძის „იუვენტუსში“ გადასვლის საკითხი რეალობად აქციოს.