ესპანური გრანდების დაპირისპირებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. თუმცა, „მადრიდის რეალის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქელები „ბარსელონას“ წინააღმდეგ საკმაოდ დიდი დანაკლისით წარდგებიან.
კლუბის წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ „დორტმუნდის“ წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში როდრიგომ მძიმე დაზიანება მიიღო. ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ ჩატარებული ტესტებით გაირკვა, რომ „რეალის“ შემტევი ბარძაყის მძიმე დაზიანების გამო მინიმუმ ლა ლიგის მომდევნო ტურის განაცხადში ვერ მოხვდება.
უახლოესი ინფორმაციის თანახმად, „ელ კლასიკოში“ გუნდს ტიბო კურტუაც ვერ დაეხმარება. ბელგიელის ტრავმის ხანგრძლივობა ზუსტად არ არის ცნობილი, თუმცა „ბარსელონას“ წინააღმდეგ მისი გამოსვლა ჯერჯერობით გამორიცხულად ითვლება.