"ბარსელონამ" ლა ლიგის 27-ე ტურში ბილბაოს "ატლეტიკთან" დაკარგა ქულები და ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაცოცხლების შანსიც ხელიდან გაუშვა.
კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მის გუნდს გამარჯვების სურვილი აკლდა. აი, რა განაცხადა "მაესტრომ":
"ძალიან რთული გასაგებია, რატომ გვაკლდა მოგების წყურვილი, როცა ვიცოდით, რომ "ჟირონამაც" და "რეალმაც" ქულები დაკარგეს.
მატჩის არცერთ მომენტში არ გვიგვრძნია თავი კომფორტულად. განვითარება გვჭირდება. თავი კარგად დავიცავით, რაც ერთადერთი რამაა, რაც დღეს გამოგვივიდა.
ძალიან ცუდი თამაში გვქონდა. იმედგაცრუებული არ ვარ. ერთი წუთითაც კი არ მქონია შეგრძნება, რომ დღეს მოვიგებდით."
როგორც ხედავთ, ჩავი საკმაოდ კრიტიკული გახლდათ. ესპანური პრესის ყურადღება კი იმან მიიპყრო, რომ როცა "ბლაუგრანას" კარის დარაჯს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს გუნდში გამარჯვების სურვილის ნაკლებობა უხსენეს, იგი ძალიან გაბრაზდა.
"მსგავსი შეკითხვის კიდევ ერთხელ გაგონებაც კი არ მინდა. თუ ამ გუნდს რამე ხდის განსაკუთრებულს, ეს სწორედ მიზანდასახულობაა," - თქვა გერმანელმა.
ასეა თუ ისე, მატჩთან დაკავშირებით "ბარსას" მთავარი მწვრთნელისა და ვიცე-კაპიტნის აზრები ერთმანეთს არ დაემთხვა. ახლა მთელი გუნდის საზრუნავს მომდევნო შეხვედრებისთვის უკეთ მომზადება და ტრავმირებული ფეხბურთელების ერთიანი ძალებით ჩანაცვლება უნდა წარმოადგენდეს.