საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველივე გამოსვლით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს. მერვედფინალში გასვლისა და ტურნირზე წარმატებული გამოსვლის შედეგად, უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას საპრიზო თანხის გარკვეულ რაოდენობას გადაუხდის.
ქართველი ფეხბურთელების ტურნირზე მონაწილეობის სანაცვლოდ უეფამ 9.25 მილიონი ევრო გამოყო. აღნიშნულ თანხას ასევე დაემატება პორტუგალიასთან მოგებული მატჩის დამსახურებით მოპოვებული 1 მილიონი ევრო და ფრის სანაცვლოდ მიღებული ნახევარი მილიონი ევროც. ამასთანავე, ქართული მხარე მერვედფინალში გასვლის სანაცვლოდ დამატებით კიდევ 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. შესაბამისად, საერთო ჯამში უეფას მიერ ქართული ფედერაციისთვის გამოყოფილმა საპრიზო თანხამ 12.25 მილიონი ევრო შეადგინა.
ჯილდოსთან ერთად, უეფამ ასევე ჯარიმებიც დააკისრა ნაკრებებს. გულშემატკივართა ქცევის გაანალიზებისა და სხვა დისციპლინარული დარღვევების გამოვლენის შედეგად, უეფამ ქართულ მხარეს 46 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ჯარიმები ასევე ტურნირზე მონაწილე ნაკრებების უმრავლესობასაც ხვდა წილად. მათ შორის, ხორვატიას 220,875 ევრო დაეკისრა ჯარიმის სახით, ხოლო ალბანეთის ნაკრებს 171,375 ევრო. ჯერჯერობით, ჯარიმა არ დაკისრებია მხოლოდ ესპანეთის, საფრანგეთისა და სლოვაკეთის ნაკრებებს.