ჯერ არაფერი დამთავრებულა - სავარაუდო გზები, თუ როგორ გავა საქართველოს ნაკრები 1/8 ფინალში » isport.ge
5 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ჯერ არაფერი დამთავრებულა - სავარაუდო გზები, თუ როგორ გავა საქართველოს ნაკრები 1/8 ფინალში

ჩეხეთის ნაკრებთან ნათამაშებმა ფრემ საქართველოს ეროვნულ გუნდს ევრო 2024-ის პლეი ოფში გასვლის შანსები მნიშვნელოვნად შეუმცირდა, თუმცა დაკარგული ჯერ კიდევ არაფერია.

ბოლო ტურში "ჯვაროსნები" პორტუგალიას მასპინძლობენ, რომელსაც ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა უკვე განაღდებული აქვს. "ნავიგატორთა" მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა შემადგენლობაში როტაციაც დაანონსა. ბუნებრივია, ეს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს, რადგან პორტუგალიელებს სათადარიგოთა სკამზეც ვარსკვლავები ჰყავთ.

მატჩამდე 3 დღეა, იქამდე კი ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ყველა სცენარი, რომელიც ვილი სანიოლის შეგირდებს მერვედფინალის საგზურს მოუტანს.

იმ შემთხვევაში, თუ ქართველები პორტუგალიასთან დამარცხდებიან, მათი გერმანული ზღაპარი მომენტალურად დასრულდება, რადგან 1 ქულით საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის მოხვედრა გამორიცხულია.

თუ საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ჩემპიონატის მთავარი სენსაცია გამოაცხო და პორტუგალია დაამარცხა, მას 4 ქულა დაუგროვდება და მერვედფინალი თითქმის გარანტირებული ექნება. ის კი არა, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებთა მატჩის ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულებამ შეიძლება მეორე ადგილიც კი მოგვიტანოს.

ყველაზე საინტერესო იმ სცენარის განხილვაა, სადაც 26 ივნისს გასამართი შეხვედრა ფრედ სრულდება. ეს "ჯვაროსნებს" ჯგუფში 2 ქულას დაუგროვებს. იმისათვის, რათა 2 ქულა მერვედფინალში გასასვლელად გვეყოს, შემდეგი პირობები უნდა დაკმაყოფილდეს:

1. თურქეთმა დაამარცხოს ჩეხეთი

2. შოტლანდიამ და უნგრეთმა ითამაშონ ფრე (ამ შემთხვევაში A ჯგუფის მე-3-ადგილოსანი შოტლანდია იქნება, რომელსაც ბურთების სხვაობით ვაჯობებთ)

3. ესპანეთმა მოუგოს ალბანეთს, ხორვატიამ ვერ მოუგოს იტალიას (აქ B ჯგუფში მე-3 ადგილს ხორვატია დაიკავებს, რომელსაც ასევე ვაჯობებთ ბურთების სხვაობით)

თუ 2 ჯგუფის მესამეადგილოსანზე უკეთესი მაჩვენებლები გვექნება, ეს ავტომატურად გაგვიყვანს მერვედფინალში. მიუხედავად ამისა, ვახსენოთ, რომ ჩვენთვის სასურველი სცენარი არსებობს C ჯგუფშიც, სადაც ინგლისმა სლოვენიას 3-ბურთიანი სხვაობით უნდა მოუგოს, დანიამ კი სერბეთი დაამარცხოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 26 ივნისს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

Facebook კომენტარები