შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით, „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი საკმაოდ ცუდი შედეგით დაასრულა. გუნდი მეათე ადგილზე გავიდა და ევროტურნირის საგზურის მოპოვებაც ვერ შეძლო. თუმცა, გუნდური წარუმატებლობის მიუხედავად, წლევანდელ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ საკმაოდ კარგი ინდივიდუალური შედეგი აჩვენა.
ქართველმა ფეხბურთელმა წელს 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიიწერა საკუთარ ანგარიშზე. თუმცა, ევროპის ტოპ ჩემპიონატების საუკეთესო ინდივიდუალისტებს შორის იგი სრულიად სხვა მონაცემებით გამოირჩა.
ხვიჩამ 101 წარმატებული დრიბლინგის განხორციელება შეძლო მთელი სეზონის განმავლობაში. ამის დამსახურებით იგი გახდა ევროპის მასშტაბით რიგით მესამე ფეხბურთელი, რომელმაც წელს 100-ზე მეტი წარმატებული დრიბლინგი განახორციელა. წარმატებული დრიბლინგების რაოდენობის მიხედვით, ტოპ 3 ფეხბურთელის სიაში ასევე მოხვდნენ „ჟირონას“ შემტევი სავიო და „ვესტ ჰემის“ გამორჩეული ფეხბურთელი მოჰამედ კუდუსი.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ წელს დრიბლინგების 51% დაასრულა წარმატებით, ხოლო შარშან მას მხოლოდ 75 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა ანგარიშზე.