6 თვის და 1 კვირის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

დე ლაურენტისის რადიკალური განცხადება - იტალიური კლუბების რაოდენობის შემცირება და ფანების ჩანაცვლებაა საჭირო

„ნაპოლის“ მფლობელი იტალიის პარლამენტს შეხვდა და მათ წინაშე სიტყვით გამოსვლისას საკმაოდ რადიკალური განცხადებებით გამოირჩა.

დე ლაურენტისის თქმით, იტალიურ კლუბებს ვალები აწუხებთ და ამიტომ საჭიროა, რომ იტალიის მთავრობამ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეამციროს. დე ლაურენტისის თქმით, ამის გაკეთების ძალა თვითონ ფედერაციას არ გააჩნია.

დე ლაურენტისმა ისაუბრა იმაზეც, რომ ფეხბურთელებს მომავალ სეზონში 75-80 მატჩის ჩატარება მოუწევთ, რის სანაცვლოდაც გუნდები საკმარის შემოსავალს ნამდვილად ვერ მიიღებენ. „ნაპოლის“ მფლობელის განცხადებით, მისმა გუნდმა სეზონი 83 მილიონის ოდენობის მოგებით დაასრულა, თუმცა ეს კლუბისთვის მაინც არასაკმარისი აღმოჩნდა. იტალიურმა კლუბმა ვერ შეძლო სტადიონისა და ახალგაზრდული აკადემიის განვითარებაში ინვესტიციების ჩადება.

იტალიური კლუბის მფლობელმა სტადიონზე მოსიარულე გულშემატკივრების ხარისხზეც ისაუბრა. დე ლაურენტისის თქმით, გულშემატკივრების ბაზის „დასუფთავებაა“ საჭირო. იგი თვლის, რომ ინგლისისგან განსხვავებით, იტალიური სტადიონებიდან „ხულიგნები“ არ გაუძევებიათ, რაც აუცილებელია.

დე ლაურენტისის თქმით, პოლიტიკოსები გულშემატკივრებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე უარს ამბობენ, რადგან მათ ხმის მიცემის საშუალება აქვთ და მათზე ზეწოლა მიზანშეწონილი არ არის. „ნაპოლის“ პრეზიდენტის თქმით, ფანები სწორედ ამიტომ მიიჩნევენ სტადიონს საკუთარ ტერიტორიად და მხოლოდ საკუთარ კანონებს იცავენ აღნიშნულ სივრცეში. დე ლაურენტისს სწორედ აღნიშნული სიტუაციის გამოსწორება სურს.

Facebook კომენტარები