იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებს 24 მაისს გამოავლენენ. სწორედ აღნიშნული სიის ნომინანტები გამოქვეყნდა სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზე. თითოეულ ნომინაციაში 3 ფეხბურთელია წარდგენილი:
TOP 3 მეკარე - მარკო კარნეზეკი (ატალანტა), მიკელე დი გრეგორიო (მონცა), ვოიცეხ შჩესნი (იუვენტუსი).
TOP 3 მცველი - ალესანდრო ბასტონი (ინტერი), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი), რიკარდო კალაფიორი (ბოლონია).
TOP 3 ნახევარმცველი - ჰაქან ჩალჰანოღლუ (ინტერი), ტეუნ კუპმაინერსი (ატალანტა), კრისტიან პულიშიჩი (მილანი).
TOP 3 თავდამსხმელი - პაულო დიბალა (რომა), რაფაელ ლეაო (მილანი), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი).
23-წლამდე TOP 3 ფეხბურთელი - რაულ ბელანოვა (ტორინო), მატიას სულე (ფროზინონე), ჯოშუა ზირკზე (ბოლონია).
სამწუხაროდ, ნომინანტების სიაში ამჯერად ვერ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია. მან მიმდინარე სეზონში 11 გოლი გაიტანა და ასევე 6 საგოლე გადაცემა მიითვალა საკუთარ ანგარიშზე. თუმცა, ნომინანტების სიაში მოსახვედრად ეს საკმარისად არ ჩათვალეს.
ნომინანტების სიაში არ წერია წლევანდელი სეზონის ბომბარდირი ლაუტარო მარტინესი. თუმცა, სავარაუდოდ მას 24 მაისს სეზონის MVP-ის წოდებას მიანიჭებენ. ხვიჩა კვარაცხელიამ სწორედ აღნიშნული ტიტული დაიმსახურა შარშანდელ სეზონში.