მეკარე ალისონის მომავალთან დაკავშირებით მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ლივერპულური გამოცემები წერენ, უფრო სურვილს გამოთქვამენ, რომ „წითლებს“ არ დატოვებს, იტალიაში კი მის „იუვენტუსში“ გადასვლაში თითქმის დარწმუნებული არიან.
Football Italia „რეპუბლიკაზე“ დაყრდნობით იტყობინება, რომ არაა გამორიცხული ტურინულ გუნდში არა მარტო ალისონი, არამედ მოჰამედ სალაჰი და ენდრიუ რობერტსონი გადაბარგდნენ. თუმცა, რობერტსონი, ალბათ, „ტოტენჰემში“ გააგრძელებს კარიერას.
აღნიშნულია, რომ როგორც ალისონის ასევე სალაჰის სამსახურით „იუვეს“ თავკაცი ლუჩანო სპალეტია დაინტერესებული, რომელიც მათი მწვრთნელი „რომაში“ იყო და მოლაპარაკებები წარმატებებით მიმდინარეობს:
„ალისონის „ბიანკონერიში“ ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, ხოლო სალაჰის გადაბირებას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეეცდებიან. ბრაზილიელმა შეიძლება ეგვიპტელი თავის მომავალ გუნდში გადასვლაში დაარწმუნოს“.
ბეკერის წასვლის შემთხვევაში, თუ ვინმე არ შეიძინეს, „ლივერპულის“ ძირითადი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდება.