9 საათის და 42 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

თბილისში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა

16-19 აპრილს თბილისი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი „თბილისი არენაზე“ ჩატარდება.


15 აპრილს კონტინენტის პირველობის წილისყრა გაიმართა, სადაც შეჯიბრზე გამომსვლელი 17 ქართველი ძიუდოისტის მეტოქეები გამოვლინდნენ.


კაცები:


-60 კგ | გიორგი სარდალაშვილი პირველ წრეში დაისვენებს. ევროპის მოქმედი ჩემპიონის მეტოქე გერმანელ გეიდერსა და მალტელ ზახარს შორის გამარჯვებული იქნება.


-66 კგ | ვაჟა მარგველაშვილი პირველ ეტაპზე ხორვატ ძიუდოისტს, დანი კლაკარს შეხვდება.


-73 კგ | ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში დაისვენებს. ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის პირველი მეტოქე ფინელ და კვიპროსელ სპორტსმენებს შორის გამოვლინდება. ამავე წონით კატეგორიაში მიხეილ ბახბახაშვილი პირველ დაპირისპირებას უნგრელ დანიელ ზერეგისთან გამართავს.


-81 კგ | ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს და მისი მეტოქე ავსტრიის სახელით გამომსვლელი მაგამედ ბორჩაშვილი იქნება.


-90 კგ | ლაშა ბექაური ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი პირველ შეხვედრას მეორე წრეში იტალიელ ბედელთან ჩაატარებს. ამავე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძეც იასპარეზებს – მისი პირველი მეტოქე ბელგიელ და ისრაელის წარმომადგენლებს შორის გაირკვევა.


-100 კგ | ილია სულამანიძე ევროპის მოქმედი ჩემპიონია. ქართველი პირველ დაპირისპირებას ბრიტანელ ბარატთან გამართავს.


+100 კგ | გურამ თუშიშვილი პირველ წრეში ისვენებს. ნაკრების კაპიტანი პირველ შეხვედრას უკრაინელ ხამოსა და კვიპროსელ ანტონიუს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.


ქალები:


-48 კგ | ჯულიეტა როდონაიასთვის ეს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატია. მისი პირველი მეტოქე ფრანგი იქნება.


-52 კგ | ნინო თათრიშვილი პირველ შეხვედრაში უნგრელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება.


-57 კგ | ეთერ ლიპარტელიანი შეჯიბრზე პირველ ნომრადაა განთესილი. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის პირველი მეტოქე ბრიტანელი ბერასი იქნება. ამავე წონაში მოასპარეზე ნინო ლოლაძე პირველ დაპირისპირებას ისრაელის წარმომადგენელთნ, ნელსონ ლევისთან გამართავს.


-63 კგ | ნინო წიკლაური პირველ წრეში პოლონელ კროპსკას შეხვდება.


-70 კგ | ნინო გულბანის მეტოქე გერმანელი ბოკი იქნება, მარიამ ჭანტურია კი მეორე წრეში უნგრელ ოზაბასს დაუპირისპირდება.


+78 კგ | სოფიო სომხიშვილი მეორე ეტაპზე ხორვატ ვუკოვიჩს შეხვდება.


ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, 16 აპრილს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება – კაცებში 60 და 66 კგ-ში, ქალებში კი 48 და 52 კგ-ში.


წინასწარი შეხვედრები 09:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 16:00 საათზე გაიმართება.


ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

Facebook კომენტარები