მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრმა, ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში 85.11 ქულა დაიმსახურა, მე-15 ადგილი დაიკავა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.
მოკლე პროგრამაში მამაკაცთა შორის მონაწილეობას 29 სპორტსმენი იღებდა, ხოლო ფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 24 მოციგურავე გადავიდა და მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
თავისუფალი პროგრამის წინ ლიდერთა სამეული ასე გამოიყურება: ილია მალინინი (აშშ) – 108.16 ქულა, იუმა კაგიამა (იაპონია) – 103.07 ქულა, ჰიმ ფა ადამ სიაო (საფრანგეთი) – 102.55 ქულა.
თავისუფალი პროგრამა ოლიმპიადაზე აღნიშნულ დისციპლინაში 13 თებერვალს არის დაგეგმილი. 11 თებერვალს კი გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის წყვილი სპორტულ ცეკვებში გამოვა თავისუფალი პროგრამით – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 22:30 საათიდან შემოგთავაზებთ.