19 ოქტომბერს საქართველოში პირველად ჩამოდის ლეგენდარული იოკოძუნა ჰაკუჰო - სუმოს ულაპარაკო GOAT-ი. 🐐 რეკორდსმენი ღმერთკაცი, რომელიც 45-ჯერ ფლობდა იმპერატორის თასს და მთელი 13 ერთეულით უსწრებს ამ მხრივ უახლოეს მდევარს სუმოს ისტორიაში.
დიდი მონღოლი ჩემპიონი თბილისს რამდენიმედღიანი ვიზიტით ესტუმრება, რომლის დროსაც იგეგმება მისი შეხვედრა ქართველ გულშემატკივრებთანაც. აღნიშნული ღონისძიება 23 ოქტომბერს გახლავთ ჩანიშნული, სადაც საშუალება გვექნება პირადად შევხვდეთ დიად იოკოძუნას, ავიღოთ მისგან ავტოგრაფები, გადავიღოთ ფოტოები, დავუსვათ კითხვები და ვაჩვენოთ, თუ როგორ გვიყვარს სუმო საქართველოში.
შეხვედრის ადგილის, დროისა და სხვა დეტალების შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ. ოღონდ აქედანვე გეტყვით, რომ ღონისძიება დახურული ფორმატის იქნება და სავარაუდოდ მხოლოდ 150-200 ადამიანი შეძლებს მასზე დასწრებას.
სამაგიეროდ, შეუზღუდავი იქნება გულშემატკივართა რაოდენობა აეროპორტში ჰაკუჰოს დახვედრისას. სწორედ ამ პოსტით გვინდა დავაორგანიზოთ მისი დახვედრის ღონისძიება 19 რიცხვისთვის.
მონღოლი ჩემპიონის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19 ოქტომბრის საღამოს, 20:20 საათზე დაეშვება. დიდი იოკოძუნა თბილისში საქართველოს სუმოს ნაკრების დელეგაციასთან ერთად ბაქოდან მოფრინავს, სადაც 17-18 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატი იმართება სუმოში.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჰაკუჰო თბილისში საქართველოს სუმოს ფედერაციის დიდი შრომითა და ოფიციალური მოწვევით ჩამოდის, რისთვისაც დიდი მადლობა ჩვენს ფედერაციას.
რაც შეეხება უშუალოდ დახვედრას, გთავაზობთ, რომ 19-ში (ორშაბათ დღეს) 18:30-ზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე (ველოსიპედის ძეგლთან) და 19:00 საათზე ერთად გავემართოთ აეროპორტისკენ. ვინც პირადი ავტომობილებით ვიქნებით, უმანქანოებს დავიმგზავრებთ. ხოლო ვისაც არ შეგვხვდება ადგილი მანქანებში, ავტობუსებით გავეშურებით.
წყარო: ქართული სუმოს ქომაგები