1 თვის და 1 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

უეფამ ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ახალი ფორმატი დაამტკიცა - როგორ უნდა მოხვდეს საქართველო ტურნირზე

უეფამ აღმასრულებელი კომიტეტი ბილბაოში შეიკრიბა და ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ახალი ფორმატი ოფიციალურად დაამტკიცა.

ტურნირი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში 9 სტადიონზე გაიმართება, სადაც მონაწილეობას 24 ქვეყნის ნაკრები მიიღებს.

როგორ უნდა მოხვდნენ გუნდები ჩემპიონატზე:

ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის მსგავსად, ახლაც 12 ჯგუფი იქნება, თითოეული 4 ან 5-გუნდიანი. მასპინძელი ქვეყნები ასევე მონაწილეობას მიიღებენ საკვალიფიკაციო ტურნირში, ოღონდ ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ირლანდია აუცილებლად სხვადასხვა საკვალიფიკაციო ჯგუფში ითამაშებენ.

ევრო 2028-ის ფინალურ ტურნირზე პირდაპირი გზით 12 ჯგუფის გამარჯვებული და 8 საუკეთესო მეორეადგილოსანი მოხვდება - სულ 20 გუნდი. 

ორი საგზური გარანტირებულად შენახული იქნება მასპინძელი ქვეყნებისთვის (რომლებიც ტურნირზე საკვალიფიკაციო გზით ვერ მოხვდებიან) - ასე რომ, ევროზე, მინიმუმ, ორი მასპინძელი მაინც ითამაშებს.

დარჩენილი ადგილები პლეი ოფში გათამაშდება საკვალიფიკაციო ჯგუფების დარჩენილ მეორეადგილოსნებსა და ერთა ლიგის (2026/27) რეიტინგით საუკეთესო ჯგუფების გამარჯვებულებს შორის, რომლებიც კლასიკური შესარჩევიდან ევროს საგზურს ვერ მოიპოვებენ.

მასპინძლების მიერ მოპოვებული ადგილების რაოდენობის მიხედვით გადაწყდება, პლეი ოფში ფინალურ ეტაპის რამდენი საგზური გათამაშდება. ეს რაოდენობა შეიძლება ორიდან ოთხამდე მერყეობდეს – სულ მოსალოდნელია სამი სცენარი:

1. თუ მასპინძელი ქვეყნები ორივე საგზურს მოიპოვებენ – დარჩენილი 2 ადგილისთვის 8 გუნდი (ერთმატჩიანი ნახევარფინალებითა და ფინალებით) ითამაშებს;

2. თუ მასპინძელი ქვეყნები ერთ საგზურს მოიპოვებენ – დარჩენილი 3 ადგილისთვის 12 გუნდი (ერთმატჩიანი ნახევარფინალებითა და ფინალებით) ითამაშებს;

3. თუ მასპინძელი ქვეყნები საგზურს ვერ მოიპოვებენ – დარჩენილი 4 ადგილისთვის 8 გუნდი (ერთმატჩიანი ნახევარფინალებითა და ფინალებით) ითამაშებს.

ცნობისთვის, შესარჩევი ტურნირის განრიგი 2025 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება, ხოლო ოფიციალური რეგულაციები - წლის ბოლომდე.

Facebook კომენტარები