მიუნხენის „ბაიერნი“ ჯერ ვერ ახერხებს ხვიჩა კვარაცხელიას ძმის, თორნიკეს დამატებას და გამოსავალი, შესაძლოა, მისი დროებით პარტნიორ ამერიკულ კლუბში თამაში იყოს, – ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა „ა ბოლა“ ავრცელებს.
პსჟ-ის ვარსკვლავის 16 წლის ძმა „ბაიერნის“ ახალგაზრდულ აკადემიაში ვარჯიშობს და ბავარიული კლუბის 17-წლამდელთა გუნდში უკვე ჩაატარა ამხანაგური მატჩი. ეს ინფორმაცია „ბილდთან“ „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა დაადასტურა.
თუმცა, მიუნხენში უმცროსი კვარაცხელიას დაუყოვნებლივ გადასვლას არაევროკავშირელის სტატუსი და არასრულწლოვნება აფერხებს. ის გერმანიაში გადასვლას მხოლოდ 18 წლის შესრულების შემდეგ შეძლებს.
„მიუნხენის „ბაიერნისთვის“ ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს უმცროსი კვარაცხელიას პარტნიორ კლუბში, მაგალითად, „ლოს-ანჯელესში“ გადასვლა“, – წერია „ა ბოლას“ მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
საინტერესოა, რომ 2018 წელს „ბაიერნმა“ ხვიჩა კვარაცხელიას დამატება ანალოგიური მიზეზით ვერ შეძლო – მაშინ ხვიჩა 16 წლის იყო. ტრანსფერი არასრულწლოვნებისა და არაევროკავშირელის სტატუსის გამო ვერ შედგა.