1 საათის და 51 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ოფიციალურად - რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც აბუ დაბიში გამოიტანეს

აბუ-დაბის სისხლის სამართლის სასამართლომ 11 ნოემბერს ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ვერდიქტი გამოაცხადა. ინციდენტის დროს უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები მერაბ დვალიშვილსა და მასთან ერთად მყოფ საბა ლაზიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში ფიგურირებელ ათ ადამიანს სხვადასხვა სახის სასჯელი განესაზღვრა. მათგან ექვს პირს ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, პანიკის დათესვასა და სხვისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნაში დაედო, რის გამოც 6-თვიანი პატიმრობა, 300 ათასი დირჰამის ოდენობის ჯარიმა და სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაცია მიესაჯათ.

იდენტური სანქციები გავრცელდა კიდევ ორ ადამიანზე, რომლებსაც დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალის გადაღებასა და გავრცელებას ედავებოდნენ. რაც შეეხება საქმის დანარჩენ ორ მონაწილეს, მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და თავდასხმის ბრალდებით 50-ათასიანი ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.

გარდა ამისა, მოსამართლის განჩინებით, ინციდენტში მონაწილე პირებს კუთვნილი მობილური ტელეფონები ჩამოერთვათ და მათ სასამართლომ არსებული ვიდეოჩანაწერების წაშლა დაავალა.

როგორც ირკვევა, ის ორი პირი, რომლებიც სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ, სწორედ მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი არიან. აღნიშნული ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა RAF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩედ ბრონშტაინმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ინციდენტისა და სასამართლო პროცესის ფონზე, მერაბ დვალიშვილი სპორტულ კარიერას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს — ხვალ იგი RAF-ის მორიგ ღონისძიებაზე მარლონ მორაესის წინააღმდეგ იასპარეზებს.