საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასის მატჩში სომხეთთან პენალტების სერიაში 3:5 დამარცხდა.
შეხვედრა ერევანში გაიმართა და მისი ძირითადი დრო დაძაბულ ბრძოლაში 2:2 დასრულდა.
მატჩის 23-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა, მსაჯმა პენალტი დანიშნა, თუმცა სომხეთის მეკარემ მოიგერია.
უშედეგო დარტყმის შემდეგ მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს და თავად გახსნეს ანგარიში.
გაშვებული გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა შეტევა გააგრძელეს და ნიკოლოზ დუნდუამ ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად ამისა, პირველივე ტაიმში, 28-ე წუთზე, სომხეთის ნაკრებმა საკუთარი პენალტის გამოყენება წარმატებით მოახერხა და კვლავ დაწინაურდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, 48-ე წუთზე, თორნიკე ფილაურის ეფექტური ფლანგური გადაცემა ისევ დუნდუამ გოლით დაასრულა და მატჩი კვლავ გაათანაბრა.
შემდეგი წუთები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. პენალტების სერიაში მასპინძლებმა მეტი სიზუსტე აჩვენეს და 5:3 იმარჯვეს.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები უეფა-ს განვითარების თასის ბოლო მატჩს 12 მაისს, თბილისის დროით 15:00 საათზე, უზბეკეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.