2 კვირის და 2 დღის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ლუის ენრიკეს ერთი თავსატეხი აქვს - როგორი იქნება პსჟ-ს შემადგენლობა არსენალთან

ყველა გავლენიანი ფრანგული წყაროს ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ იმავე შემადგენლობას დააყენებს, რომელიც პირველ შეხვედრაში გამოიყენა. თუმცა, ერთი გაურკვევლობა მაინც რჩება და ეს უსმან დემბელეს მდგომარეობას უკავშირდება.

ფრანგმა ვინგერმა ტრავმა უკვე მოიშუშა, თუმცა ბოლომდე მზად არის თუ არა სრულ დატვირთვაზე სათამაშოდ – ესპანელი სპეციალისტისთვის კვლავ გასარკვევია. არსებობს ალბათობა, რომ შეხვედრა დამატებით დროში გადავიდეს, რაც დემბელეს ფიზიკურ მომზადებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. სწორედ ამიტომ, ჯერ გაურკვეველია, დაიწყებს თუ არა ის მატჩს ძირითადში.

დანარჩენ პოზიციებზე ცვლილებები არ იგეგმება. გასულ ტურში, „სტრასბურგთან“ მატჩში ლუის ენრიკემ ძირითადი ბირთვის მოთამაშეები დაასვენა – ჰაკიმი, მარკინიოსი და მენდეში განაცხადში არ იყვნენ, კვარაცხელია, ვიტინია და პაჩო კი სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ.

მედიის ცნობით, პარიზელთა განწყობა ოპტიმისტურია. მოსალოდნელია, რომ დემბელე მაინც ძირითადში იქნება, ხოლო ბრედლი დუე მარჯვენა ფლანგზე, ხვიჩა კვარაცხელია კი მარცხენა ფრთიდან შეუტევს.

პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა: დონარუმა – ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში – ნევეში, ვიტინია, ფაბიანი – დუე, კვარაცხელია, დემბელე.

Facebook კომენტარები