როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩეხეთს დაუპირისპირდება.
აღნიშნული შეხვედრის წინ “ჯვაროსნების” თავკაცმა, ვილი სანიოლმა მედიასთან ისაუბრა:
“ჩეხეთთან პირველ მატჩთან შედარებით განსხვავებული თამაში გველის. ბოლო პერიოდში ჩეხეთის ნაკრებში ბევრი მოთამაშე და სათამაშო სტილი შეიცვალა. თუმცა, ჩვენთვის მთავარი არა ჩეხეთის ნაკრების თამაში, არამედ ის, თუ როგორი მოტივაციითა და ამბიციით დავიწყებთ ამ შეხვედრას ჩვენ. ხვალ ჯგუფის დასკვნითი და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ამიტომ დისციპლინის დაცვით და ამავდროულად ამბიციურად უნდა ვითამაშოთ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით ხუთი წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში ასპარეზობდა. შემდეგ კი, ორჯერ დავწინაურდით და ყოველ ჯერზე უფრო ძლიერ მეტოქეებს ვეთამაშებოდით. A ლიგაში გადასვლის შემთხვევაში, თითოეული მატჩი საუკეთესო ნაკრებების წინააღმდეგ გვექნება. ახლა ნამდვილად არ ვიცი, მზად ვართ ამისთვის თუ არა, თუმცა ძალიან მინდა ძალების მოსინჯვა ასეთ დონეზე. ასეთი დონის მეტოქეებთან თამაში ჩვენი ფეხბურთელებისთვის შესანიშნავი გამოწვევა იქნება. სწორედ ასე სწავლობ და აგრძელებ განვითარებას. მეც და ფეხბურთელებსაც ყოველთვის მეტი გვსურს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვებაა, რადგან A ლიგაში გადასვლა გვსურს.
ვეცდებით, რომ ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც კარგად ვიცით. წარსულშიც ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი გუნდისთვის შეგვიძლია ძალიან უხერხული მეტოქე ვიყოთ, რომელიც თავს კომპაქტურად იცავს და სწრაფად უტევს. თუ მოგება გინდა, შენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინო და სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ”. - განაცხადა სანიოლმა.
ცნობისთვის, შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე შედგება.