საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინელებს 16 ნოემბერს, ბათუმში დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდი აღნიშნული მატჩისთვის უკვე აქტიურად ემზადება. თუმცა, უახლესი ინფორმაციის თანახმად, მათი მეტოქე ბათუმში შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს.
უკრაინული მედიის განცხადებით, უკრაინელებს დიდი ალბათობით ვიკტორ ციგანკოვი დააკლდებათ. ტრავმის გამო „ჟირონას“ ფეხბურთელის თამაში საეჭვოა როგორც საქართველოს, ისე ალბანეთის წინააღმდეგაც. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაზიანების გამო მან ოქტომბერში უკვე გამოტოვა საქართველოს და უკრაინის პირველი დაპირისპირებაც.
როგორც ჩატარებული ტესტების შემდეგ გაირკვა, უკრაინელ ფეხბურთელს ბარძაყის ტრავმის მოშუშებისთვის და გუნდური ვარჯიშების გაგრძელებისთვის მინიმუმ კიდევ 1 კვირა დასჭირდება.