პედრის კუნთის ტრავმამ კლუბს სრულიად დაუმსხვრია ის საპრევენციო კონტროლი, რომელსაც იგი ესპანელი ნახევარმცველის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ეწეოდა, - იუწყება Diario AS.
ახლა არავის შეუძლია იმის თქმა, თუ როდის დაბრუნდება "ბარსელონას" რვიანი. სამედიცინო შტაბმა მუშაობა ნულიდან უნდა დაიწყოს.
წყაროს თანახმად, პედრის არ სურს, რომ ოპერაცია ჩაუტარონ.
ჟურნალისტ ადრია ალბეტსს თუ დავუჯერებთ, 21 წლის ნახევარმცველს ქირურგიული ჩარევა არც უნდა დასჭირდეს, რადგან მყესი დაზიანებული არ გახლავთ. არჩეული გზა კონსერვატიული მკურნალობა იქნება, რასაც, გასახდელიდან გამომავალი ხმების მიხედვით, თვე-ნახევარი დასჭირდება.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ცხადზე ცხადია, რომ პედრის ტრავმიანობა "ბლაუგრანასთვის" უკვე სერიოზული პრობლემაა. Diario AS-ის ცნობით, "ბარსაში" ახლა ესპანელის გაყიდვაც კი განიხილება.
ცნობისთვის, პედრის წარსულში "პარი სენ ჟერმენსა" და "ბაიერნს" უკავშირებდნენ.