“გორის დილა“ ეროვნული ლიგის სათავეში იმყოფება 39 ქულით. ქართული კლუბი უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებს. თუმცა, მის სამწვრთნელო შტაბში მაინც დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი რუი მოტამ ივნისში დატოვა, თუმცა მისი შემცვლელი უკვე ნაპოვნია.
ქართული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დიდი ალბათობით რიკარდო კოშტა დაინიშნება. აღნიშნული ინფორმაცია “A BOLA”-მ გაავრცელა. სამწვრთნელო კარიერაში არსებული სიახლის შესახებ რიკარდო კოშტამ თვითონაც გააკეთა განცხადება სოციალურ ქსელში.
43 წლის სპეციალისტი აქამდე „პორტუს“ 17-წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობდა, თუმცა მას ევროპულ ტურნირებზე თამაშის გამოცდილება არ აკლია. კოშტამ 2003/04 წლებში ჩემპიონთა ლიგა „პორტუს“ მაისურით მოიგო და კიდევ არაერთი თასი აქვს მოგებული მისი კარიერის განმავლობაში.