წლევანდელი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის საკმაოდ წარმატებული შედეგით დასრულდა. გუნდმა ჯგუფური ეტაპის გადალახვა პირველივე ცდაზე მოახერხა და გათამაშებას მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.
ქართველი ფეხბურთელების სამშობლოში დაბრუნების აღსანიშნავად თბილისში სპეციალური ღონისძიებები გაიმართა. აღნიშნული ცერემონიების მოსაწყობად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 260 000 ლარი გამოიყო.
მთავრობის ადმინისტრაციისთვის აღნიშნული თანხა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იქნა გამოყოფილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით.
აღნიშნული ბიუჯეტი თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებას „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ მოხმარდა.