ცნობილმა ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ლევან სალუქვაძემ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.
ის ირაკლი აზაროვისა და გიორგი არაბიძის 26-კაციან განაცხადში არ შეყვანის თემას შეეხო და საინტერესო კომენტარი გააკეთა:
"რაც შეეხება არაბიძეს... ყველაფერზე მწვრთნელი არის პასუხისმგებელი და რაც უნდა გვედავა და გვეკრიტიკებინა, ცხვირში მოგვარტყა... გაიყვანა გუნდი და ხელებიც აგვიწევია, ნეტა სულ ეგრე იყოს.
იცი რა, მე მგონია, რომ იყო 22, მერე 23 და ახლა უეფამ უფლება მისცა, რომ 26 ფეხბურთელი წაიყვანონ. ამდენ ხალხს, რომ უნდა ეს ბიჭი, საქართველოს ჩემპიონატში, რომ გამორჩეულია, მე წავიყვანდი.
იცით, რატომ? - სალაპარაკოს ამ თემას არ გავხდიდი. ვთქვათ, მოცულობას ვერ ასრულებს, 90 წუთი კუთხურის ალმიდან კუთხურის ალმამდე ვერ დარბის.
სიტყვაზე, დარჩა 15 წუთი და ანგარიში 1:1-ია, ვერ იგებ და გამარჯვების შემთხვევაში გადიხარ, ხომ არის შემოსაყვანი?
ან შორიდან გააქანებს, დაარტყამს, ან სტანდარტულს კარგად მოაწვდის, ან ვიღაცას მოატყუებს,.იმ დროს მოედანზე მისი გადაადგილება კი არ გინდა, კრეატივი გინდა. თან მაგ ბიჭს რაღაც იღბალიც აქვს მოედანზე... არავინ ცუდად არ გამიგოს და პანიკებს არ ვტეხ, უბრალოდ, ჩემი აზრით, შეიძლებოდა, რომ წაეყვანა, თან ხალხს ძალიან უნდა და მოსწონს ეგ ბიჭი.
რაც შეეხება აზაროვს, საერთოდ დიდი ფორუმების წინ სულ საკამათოა, მწვრთნელმა ვინ არ წაიყვანა, ან ვინ არ წავიდა.
რამხელა დონის ფეხბურთელები არ წაუყვანიათ... კრუიფი, კანტოლა, ჟინოლა, ბაჯო არ მიჰყავდათ, რაული... ახლა ვფიქრობ, რაულის დონეზე აზაროვის არწაყვანა, მაგხელა ამბავი არ არის.
არც ისეა საქმე, რომ იკითხავ, აზაროვი რატომ არ წაიყვანეო, არ არის ეს ჩარევა, რომ ერთი ამბავი ატყდეს... აზაროვს წაიყვანდნენ და სიტყვაზე, ვერ წაიყვანდნენ დვალს, ან გოჩოლეიშვილს...
აზაროვი ნაკრებში იყო, არაფერი არ დაუშავებია და რომ ვიკითხო, რატომ არ გამოიძახეთო, არ მაქვს უფლება?! სანიოლისგან რაც მოვისმინე, თქვა, რომ ირაკლიმ კარგად უნდა გაითავისოს, რომ მცველიაო და მის ადგილას გამოძახებული შენგელია და წიტაიშვილი მაგას ვერ გაითავისებენ, რადგან ამპლულით მცველი არცერთია.
იმას არ ვამბობ, რომ შენგელია არ უნდა წაეყვანა. პირიქით, ძალიან კარგად ითამაშა საბერძნეთთან. უბრალოდ, ეს არგუმენტი, რაც მწვრთნელისგან მოვისმინეთ, არ ჯდებოდა.
მერე თქვა, "შახტარში" შეცდომები ჰქონდაო და უნდა გამოასწოროსო. მერე დონეცკში, რომ კარგად ითამაშა, ე.ი. გამოუსწორებია და სანამ ნაკრებში არ დაუძახებ, ამას ხომ ვერ დაინახავ?
ასეთი ამბავი გავიგე... ფეხბურთია, ტრიბუნაზე ზიხარ, ხან რა ჭორი ისმის და ხან რა... აზაროვს მძიმე ხასიათი აქვსო და ნაკრებში სიტუაციას არ უხდებაო. იგივე ითქვა არაბიძეზეც"