6 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ის 2015 წლიდან ლა ლიგასა და სერია A-ში თამაშობს" - ბიძინა ბარათაშვილი „დინამოში“ ჩაშლილ პოტენციურად ძალიან ხმაურიან ტრანსფერზე

თბილისის "დინამოსა" და ლეგიონერების ბოლოდროინდელი ურთიერთობის შესახებ ყველა გულშემატკივარს შესანიშნავად მოეხსენება. დედაქალაქელები ყოველი ევროსეზონის წინ იმატებენ უცხოელ ფეხბურთელებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ისინი გუნდს ვერაფრით აძლიერებენ და თბილისურ კარიერასაც უსახელოდ ამთავრებენ.

ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი კომენტატორის, ბიძინა ბარათაშვილის მიერ "საგოლე გადაცემაში" მოთხრობილი ისტორია, საიდანაც ვიგებთ, რომ ქართული ფეხბურთის ფლაგმანში შეიძლება გონსალო ესკალანტეს ეთამაშა.

"პირადად მქონდა კომუნიკაცია "დინამო თბილისთან“, გონსალო ესკალანტეს შესაძლო ტრანსფერზე. პატრიციო ტეუბალი, რომელიც "პალერმოს“ სპორტული დირექტორი იყო, ჩემი ახლო მეგობარი და "ბოკა ხუნიორსის“ წრეში მიღებული კაცია. ესკალანტე მაშინ სწორედ "ბოკაში“ თამაშობდა და პატრიციომ მითხრა, რომ საქართველოში გადმობარგებაზე თანახმა იქნებოდა, თუკი სათანადო ხელფასს გადაუხდიდნენ.

მათი პირობები "დინამოს“ ხელმძღვანელობას გავაცანი და რა უნდა მოეთხოვა განსაკუთრებული 20-22 წლის ბიჭს, მაგრამ აქ ეს პირობები არ მოეწონათ და ტრანსფერი ჩაიშალა. სამაგიეროდ, მოეწონა "ეიბარს“ და დღემდე ტოპ 5 ჩემპიონატიდან ორს შორის მოგზაურობს. ცოტა ხნით იყო "ლაციოში“, ახლა კი ისევ ლა ლიგაში დაბრუნდა.

მესმის, რომ ესკალანტე რედონდო არაა, ეს ისედაც გასაგები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩამოყავთ ფეხბურთელები, რომლებიც შემდეგ ევროტურნირების განაცხადშიც კი ვერ ხვდებიან," - თქვა ბარათაშვილმა.

გონსალო ესკალანტე განსაკუთრებით კარგად ლა ლიგის ქომაგებისთვისაა ნაცნობი. "ბოკა ხუნიორსი" მან 2015 წელს დატოვა, ყველაზე დიდხანს კი "ეიბარში" გაჩერდა (2016-2020). "იპურუაზე" გატარებული 4 წლის განმავლობაში არგენტინელმა 130 მატჩში ითამაშა და 9 გოლი გაიტანა. გონსალო ახლა რომის "ლაციოს" საკუთრებაა და "კადისში" გახლავთ განათხოვრებული.

Facebook კომენტარები