საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ბიქსენტ ლიზარაზუმ, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ, პსჟ-ს მენტალურად ძლიერი გუნდი უწოდა და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
„ცხადია, „არსენალის“ გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ მეტოქის შემტევებისთვის უნარების გამოყენების საშუალება არ მიეცა და დროის გაყვანით შეეჩერებინა. თამაში საკმაოდ არეულ-დარეული იყო, ვნახეთ როგორი გაღიზიანებული იყვნენ პარიზელი ფეხბრთელები. გამიკვირდა, რომ ამ გეგმას ექსტრა ტაიმებშიც არ გადაუხვიეს, როდესაც პსჟ-მ მოედნიდან დიდი მოთამაშეები: კვარაცხელია, დემბელე და ვიტინია გაიყვანა. ლონდონელებმა შეცვლაზე ახალი ფეხბურთელები შეიყვანეს, უფრო აქტიურად მოქმედებდნენ, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს. სათადარიგოების იმედი ჰქონდათ, თუმცა, ეს შეცდომად მიმაჩნია, რამეთუ მათ მეტის გაკეთება არ შეეძლოთ. ამბიცია არ ეყოთ, მატჩის გაკონტროლების საშუალება ჰქონდათ, მაგრამ ზედმეტად აკვიატებული იდეით მოქმედებდნენ, რათა მოწინააღმდეგისთვის ხელი შეეშალათ.
განსაკუთრებულად გამთანგავი სეზონის გათვალისწინებით, „პარი სენ ჟერმენის“ გამარჯვება შესანიშნავი გახლდათ. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამო, სეზონისწინა პერიოდი მოკლე გამოუვიდათ. თებერვალში ფორმის პიკზე გავიდნენ. ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება ადვილი არ არის. პირველი ტიტულის დაუფლების მერე შეიძლებოდა მოშვებულიყვნენ, თუმცა ასე არ მოიქცნენ. გასული ფინალის მსგავსი შეხვედრა ვერ ვნახეთ. დიდებული ფინალისთვის ორი ასეთი გუნდია საჭირო. „არსენალმა“ ეშმაკობით აჯობა, თავის თამაში ჩაითრია. თავს ჩინებულად იცავდნენ, პარიზელებმა ძალიან, ძალიან ცოტა მომენტი შექმნეს. პსჟ ფსიქოლოგიურად ძლიერია. შესვენებაზე, ალბათ, სიტუაცია განიხილეს და როგორც შევნიშნე, მეორე ტაიმში ნაკლებს ნერვიულობდნენ. რა თქმა უნდა, გადაწყვიტეს, მეტოქის ხაფანგში არ მოხვედრილიყვნენ. ამის შემდეგ მსაჯობაც ცოტა შეიცვალა, არბიტრი დროის გაყვანისათვის ლონდონელებს უფრო ხშირად აფრთხილებდა, რამაც მოედანზე ვითარება გააწონასწორა. თუმცა, ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, რაც შესვენებაზე მოხდა, პსჟ-ს მეორე ტაიმში სულ სხვა განწყობით გასვლის საშუალება მისცა. ხვიჩამ კი გადამწყვეტი როლი, გადამწყვეტი პენალტის სამართლიანად მოპოვებით ითამაშა“, - განუცხადა ლიზარაზუმ RMC Sport-სა და „ეკიპს“.