ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ ბორსვიკი უკმაყოფილო დარჩა იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც სამსაჯო კორპუსმა საფრანგეთთან მატჩში მიიღო. შეგახსენებთ, რომ პარიზში გამართული დრამატული შეხვედრის მთავარი არბიტრი ნიკა ამაშუკელი იყო, თამაში კი ფრანგებმა 48:46 მოიგეს და 6 ერის წლევანდელი გათამაშების ჩემპიონები გახდნენ.
ბორსვიკმა პრეტენზიები 2 ეპიზოდის გამო გამოთქვა, რომლებმაც მისი აზრით, მატჩის მიმდინარეობაზე დიდი ზეგავლენა იქონიეს და ფაქტობრივად, შეხვედრის ბედიც გადაწყვიტეს. ინგლისელმა სპეციალისტმა უსამართლოდ მიიჩნია ელის გენჯის გასინბინება და ასევე ამაშუკელის ქმედება, როდესაც მან თავდაპირველად ინგლისს ჯარიმა მიანიჭა, შემდეგ კი გამოაცხადა, რომ ეს უბრალოდ წინ თამაში იყო. ბორსვიკის თქმით, მას საკამათო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტება სჭირდება.
"მატჩის დასრულებამდე 15-ოდე წუთი რჩებოდა და ჩვენ 39:38-ს ვიგებდით, როდესაც მსაჯმა გვაცნობა, რომ ბურთისთვის ხელის ჩარტყმისთვის ჯარიმა გვერგო. შესაბამისად, გუნდმა უფრო რისკიანად თამაში წამოიწყო, რადგანაც ვიცოდით, რომ შეცდომის შემთხვევაში, შეტევა ისევ ჩვენ დაგვიბრუნდებოდა.
სამწუხაროდ, გადაწყვეტილება შეიცვალა და ვიდეო-რეფერისთან კონსულტაციის შემდეგ, უცბად მსაჯმა გამოაცხადა, რომ ეს უბრალოდ ბურთის წინ ვარდნა იყო. ზოგმა მორაგბემ ეს ვერც კი გაიგო, ბურთი დავკარგეთ და საფრანგეთმა კონტრშეტევაზე ლელო დაგვიდო.
ეს მიდგომა აუცილებლად შესაცვლელია. არ შეიძლება, რომ მორაგბეებს ერთი ინფორმაციაც ჰქონდეთ, სინამდვილეში კი სხვა რამ ხდებოდეს. ამან თამაშის მიმდინარეობა შეცვალა.