RAF-ის დამფუძნებელმა, ჩედ ბრონშტაინმა კომენტარი გააკეთა მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე, რომელსაც თავს უსმან ნურმაგომედოვი დაესხა. ღონისძიების წინა პრესკონფერენციაზე ბრონშტაინს სწორედ ამ თემაზე დაუსვეს შეკითხვა, რაზეც მან განაცხადა, რომ ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, რათა ქართველმა მებრძოლმა ასპარეზობა შეძლოს.
„ჩვენ ყველანი კატეგორიულად ვგმობთ მომხდარს. გვჯერა, რომ ჭიდაობა მსოფლიოში საუკეთესო სპორტია და თითოეულ ჩვენგანს მან სპორტული სულისკვეთება და პატივისცემა ასწავლა. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ამ ღირებულებების მუდმივი პოპულარიზაციაა.
მსგავსი ინციდენტები სპორტს მხოლოდ უკან ხევს. შეიქმნა ისეთი ვითარება, რომლითაც RAF-ი, ცხადია, უკმაყოფილოა, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ სიტუაციის გამოსასწორებლად. რაც შეეხება მერაბის მდგომარეობას — ის კარგად არის. ჩვენი გუნდის წევრებმა უკვე მოინახულეს და ამჟამად არაბთა გაერთიანებული საამიროების შესაბამის წარმომადგენლებთან ვთანამშრომლობთ.
ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება. უსმან ნურმაგომედოვი კი ღონისძიებას აღარ დაესწრება. დიდი იმედი გვაქვს, მერაბი შეძლებს მარლონ მორაესის წინააღმდეგ ჭიდაობას. ის სპეციალურად ჩამოფრინდა, RAF-ის გამორჩეული მონაწილეა და ველით, რომ ხალიჩაზე გავა“, — აღნიშნა ბრონშტაინმა.
ცნობისთვის, ზვიად ლაზიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარში მონაწილე პირები, მათ შორის მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი, დაკავებულები არიან. აღნიშნული ფაქტი მოგვიანებით ცნობილმა MMA ჟურნალისტმა, არიელ ჰელვანიმაც დაადასტურა.