4 დღის და 17 საათის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ეს დიდი გამოწვევაა - საუკეთესო ქართული გუნდის გზა ევროპის ჩემპიონატისკენ

Counter-Strike 2-ის ქართული ორგანიზაცია, “მილენიუმი” ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იწყებს. გუნდის სამომავლო გეგმებზე ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი ბიგანიშვილს, ვესაუბრეთ, რომელმაც საინტერესო დეტალები გაგვიზიარა.

გასულ წელს ქართულ გეიმინგ საზოგადოებაში Counter-Strike 2-ის ახალი ორგანიზაცია გამოჩნდა, Millennium - ასე ჰქვია გუნდს, რომელიც მოკლე დროში საუკეთესო კლანად ჩამოყალიბდა. შემადგენლობა გამოცდილი ქართველი მოთამაშეებით დააკომპლექტეს და მთავარ გამოწვევად საერთაშორისო ტურნირებზე წარმატების მიღწევას ისახავენ.

“მილენიუმმა” დაარსებიდან რამდენიმე თვეში პირველი ტიტული, “ევროპაბეთის ზამთრის თასი” მოიგო, თანაც აბსოლუტურად დამაჯერებლად. ორგანიზაცია “ბუთქემფზე” ვარჯიშობს და ახალი ტურნირებისთვის ემზადება. მომდევნო გამოწვევა ევროპის ჩემპიონატია, რომელშიც “მილენიუმი” საქართველოს ნაკრების სახელით იასპარეზებს. შემდეგი ტურნირი (Glitched) შვედეთში ტარდება, სადაც გუნდი 12 ივნისს გაემგზავრება.

ევროპის ჩემპიონატი IESF-ის ეგიდით ტარდება, რომლის ოფიციალური წევრია საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია. ონლაინ შესარჩევი ეტაპი CyberTV -ის ორგანიზებით იმართება.

მილენიუმის შემადგენლობა ასე გამოიყურება: Chujo - გიორგი კოშაძე (Anchor), "Space - ნიკოლოზ ბურნაძე (AWP), Niqzora - ნიკა შანავა (Support), Moiss - ლუკა მოისწრაფიშვილი (Entry Fragger) და Kpn - გიორგი კაპანაძე (InGame Leader). სათადარიგო მოთამაშეები: Schwarz - გიორგი გახოკიძე (Entry Fragger) და Gomora - ლაშა ჭანტურიძე (Rifler). 

ცხადია, ქართული გუნდისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო ტურნირი ევროპის ჩემპიონატია, რომლის საკვალიფიკაციო ეტაპში 22 მაისიდან ჩაერთვებიან. “მილენიუმი” E ჯგუფში პოლონეთთან, ისრაელთან, მონტენეგროსა და ლიეტუვასთან ერთად მოხვდა. მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატსა და სამომავლო გეგმებზე ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი ბიგანიშვილს, ვესაუბრეთ, რომელმაც საინტერესო დეტალები გაგვიზიარა.

მოგვიყევი, როგორ შეიქმნა თქვენი გუნდი, სად ვარჯიშობთ და რა არის მთავარი მიზანი, რომლის მიღწევაც გინდათ…

გიორგი ბიგანიშვილი: “მილენიუმი” 2024 წლის ნოემბერში ერთი იდეის გარშემო შეიქმნა - დაგვემტკიცებინა, რომ ქართულ გუნდს შეუძლია “ქაუნთერ სტრაიკის” საერთაშორისო სცენაზე დიდ შედეგებს მიაღწიოს. თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს გზა მარტივი არ იქნებოდა. სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია და მისი თითოეული წევრი იმ მენტალიტეტით მუშაობს, რომ მხოლოდ მონდომებით, სისტემური შრომით და პროფესიონალიზმით მივაღწევთ მიზანს. განვითარების საწყის ეტაპზევე ჩავრთეთ ალბანელი მწვრთნელი კლესტი “stikle” კოლა. ადამიანი, რომელსაც არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამოცდილება აქვს და ბევრ პროფესიონალ მოთამაშესთან უმუშავია. გუნდი ვარჯიშობს ჰიბრიდულ რეჟიმში: ონლაინ ვარჯიში ყოველდღიური პროცესის ნაწილია, ხოლო პერიოდულად შეკრებებს ვატარებთ თბილისში არსებულ “ბუთქემფზე”, რომელიც კომფორტული სავარჯიშო გარემოა.

რა გზა გაიარა “მილენიუმმა”? რომელ ტურნირებზე გამოხვედით და როგორი შედეგები გაქვთ?

გიორგი ბიგანიშვილი: 2025 წლის პირველი კვარტალი ჩვენი გუნდისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოთამაშეები ერთმანეთს მანამდეც იცნობდნენ და გარკვეული გამოცდილება ჰქონდათ, პროფესიონალურ გარემოში სინერგიის პოვნა მარტივი არ არის. სწორედ ამ პროცესმა განაპირობა გარკვეული ცვლილებები როსტერში. თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, პროგრესი თვალსაჩინო გახდა. თვიდან-თვემდე ჩვენი თამაშის დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ამ დროისთვის გუნდი ასპარეზობს ESEA-ს Main დივიზიონში, სადაც ევროპის მასშტაბით საკმაოდ ძლიერი გუნდები ასპარეზობენ და უმაღლეს დივიზიაში მოსახვედრად ძალებს არ იშურებენ. წინა სეზონში, რომელიც იანვრიდან მარტამდე გაგრძელდა, ძალიან ცოტა დაგვაკლდა Advanced დივიზიონში გადასასვლელად. სწორედ ამიტომ, ამ სეზონში სრულ მობილიზაციას ვახდენთ, რათა მიზანს მივაღწიოთ.

აღსანიშნავია “ევროპაბეთის ზამთრის თასი”, რომელშიც “მილენიუმმა” პირველი ტიტული მოიპოვა - ეს წარმატება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამჟამად ორი ძირითადი მიზანი გვაქვს: ევრო 2025-ის შესარჩევ ეტაპზე წარმატებული გამოსვლა და მონაწილეობა Glitched ტურნირზე, რომლისთვისაც 12 ივნისს შვედეთში მივემგზავრებით.

როგორ ფიქრობ, რამდენად რეალურია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა და ფინალურ ეტაპზე მოხვედრა?

გიორგი ბიგანიშვილი: ეს უდავოდ დიდი გამოწვევაა, მით უმეტეს, როცა ჯგუფში გვყავს ისეთი ძლიერები მეტოქეები, როგორიცაა პოლონეთისა და ლიეტუვის ნაკრებები. ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევისთვის და ვფიქრობთ, რომ შეუძლებელი არაფერია. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმაზე, რომ ბარიერები დასძლიოს და ევროფინალზე ღირსეულად წარსდგეს. ამის გარდა, პასუხისმგებლობა ორმაგია - ამჯერად, ჩვენ მხოლოდ "მილენიუმს" კი არ წარმოვადგენთ, არამედ საქართველოს ნაკრებს. სამშობლოს დროშის ქვეშ ასპარეზობა დამატებით მოტივაციასა და ვალდებულებას გვძენს. ამ შემთხვევაში გამარჯვებისკენ სწრაფვა აღარ არის მხოლოდ პროფესიული ამოცანა, ეს უკვე პატრიოტული მისიაა.

გვითხარი კონკურენტების შესახებ და როგორ ფორმაშია თქვენი გუნდი?

გიორგი ბიგანიშვილი: ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე სახიფათო კონკურენტებად პოლონეთისა და ლიეტუვის ნაკრებები გვესახება. ზოგადად, ევროპაში “ქაუნთერ სტრაიკის” დონე ძალიან მაღალია და გუნდებს სერიოზული საერთაშორისო გამოცდილება აქვთ. თუმცა, ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად გავაუმჯობესეთ, როგორც ინდივიდუალური უნარები, ისე გუნდური ქიმია. ჩვენი მთავარი ძლიერი მხარეა ნდობა, ვიცით, რომ თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ბოლომდე დაეყრდნოს მეორეს. სტრატეგია, AIM, ტექნიკა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტი მაინც მენტალური სიძლიერეა. კარგი კომუნიკაცია და ერთმანეთში ჰარმონიაა - ეს ჩვენს გუნდს ნამდვილად აქვს.

Facebook კომენტარები