ვილიარეალის ქართველ შემტევს, გიორგი მიქაუტაძეს ტრავმა აწუხებს, რის გამოც შესაძლოა მან ლა ლიგის შემდეგი მატჩი ესპანიოლთან გამოტოვოს.
ამასთან დაკავშირებით ყვითელი წყალქვეშა ნავის თავკაცმა, მარსელინომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
"მომავალი ტურის წინ რამდენიმე პრობლემა გვაქვს, რომელთა გადაჭრაზეც უნდა ვიზრუნოთ. მოურინომ და მიქაუტაძემ პაფოსთან მატჩში ტრავმები მიიღეს და ახლა, განსხვავებულ კონდიციებში იმყოფებიან. მოურინოს თამაში ფაქტობრივად გამორიცხულია, მიქაუტაძეს კი შედარებით მცირე დისკომფორტი აქვს და სავარაუდოა, რომ მისი სასტარტო შემადგენლობაში დაყენებისგან თავს შევიკავებთ.
როტაციას ისედაც ვაპირებდით, რადგანაც მძიმე გრაფიკი გვაქვს და შემადგენლობის გადახალისება აუცილებელია. სხვაგვარად, ტრავმების რისკი კიდევ უფრო გაიზრდებოდა. სხვათა შორის, ძალიან უკმაყოფილო ვარ, რომ ესპანეთის ჩემპიონატში ამ ტურის მატჩი შაბათს დაგვინიშნეს. ყველამ იცოდა, რომ შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა გვქონდა, ასეთ დროს კი, სჯობს, რომ გუნდმა ლა ლიგაში კვირას ითამაშოს".
როგორც ცნობილია, მიქაუტაძის დაზიანება სერიოზული არ არის და მას სანაკრებო მატჩების გამოტოვება არ ემუქრება.
