8 თვის და 2 კვირის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ქომაგების ეს შედარება აბსურდულია" - კვარაცხელიამ საკუთარ თავზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვინგერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა: 

"სახლი ძალიან მენატრება, თუმცა იტალიაში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, განსაკუთრებით, ნეაპოლში - ქალაქში, რომელიც ფეხბურთით ცოცხლობს. აქ ყველას უხარია ფეხბურთი და მსგავს რამეს ხშირად ვერ ნახავ. ფეხბურთი მთელი ჩემი ცხოვრება არის. ძალიან ვამაყობ იმ სიყვარულით, რომელსაც ნაპოლის ქომაგებისგან ვიღებ" 

"პირველი ნაბიჯები ბურთით ქუჩაში გადავდგი. ვფიქრობ, ამას ჩემი თამაშითაც ამჩნევთ. ქუჩაში თამაშის დროს აკეთებ ბურთთან უამრავ შეხებას, რადგან გიყვარს როდესაც ბურთი შენს ფეხებთან არის. ახლაც, მიყვარს თამაში ისე, როგორც ქუჩაში, რადგან როგორც ფეხბურთელი სწორედ ქუჩამ გამზარდა. ყოველთვის გავდიოდი გარეთ მეგობრებთან სათამაშოდ, ვარჯიშის შემდეგაც კი" 

"პატარა რომ ვიყავი, სერია ა-ს მატჩებს ხშირად ვუყურებდი და მცველების ოსტატობა მაოცებდა. საქართველოში ასეა - თუ იტალიურ ფეხბურთზე ფიქრობთ, მაშინვე მცველების უმაღლესი დონე გახსენდება. მარადონა საუკეთესო მოთამაშე იყო ფეხბურთის ისტორიაში და ნაპოლის ქომაგების მიერ ჩემი მასთან შედარება არის ერთდროულად აბსურდული და სასიამოვნოც" 

"ვხვდები, რომ ნეაპოლსა და თბილისსაც მსგავსი, თვალწარმტაცი ხედები აქვთ. სიზმარშიც ვერ ვინატრებდი, რომ იტალიის ჩემპიონი გავხდებოდი. ის ემოციები, რაც განვიცადე, სიტყვებით ვერ აიხსნება. გულშემატკივრები ყოველთვის მამხნევებენ. როცა გრძნობ მათ ენერგიასა და გამარჯვების სურვილს, აცნობიერებ, რომ მოგების გარდა, სხვა ვარიანტი არ არსებობს" 

"მე მჭირდება ეს ენერგია. იუვენტუსთან გამარჯვების შემდეგ ვიცოდით, რომ ნეაპოლში იქნებოდა დიდი ზეიმი და როცა ქალაქში დავბრუნდით, მართლაც დღესასწაული დაგვხვდა. ქალაქის თითოეულ მაცხოვრებელს სურდა, რომ ეს ბედნიერება ჩვენთან ერთად გაეზიარა. ვფიქრობ, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე" 

"ნეაპოლში ბევრი რამ ვისწავლე. არა მხოლოდ ფეხბურთის თვალსაზრისით, არამედ ქალაქისა და აქაური ხალხის თვალსაზრისითაც. ერთ მშვენიერ დღეს რომ წავიდე, დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი რამ მომაკლდება"

Facebook კომენტარები