როგორც მოგეხსენებათ, 13-20 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის წილისყრის შემდეგ ქართველი სპორტსმენების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა.
პლანეტის პირველობაზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ცამეტი ქართველი ძიუდოისტი (ცხრა კაცი, ოთხი ქალი) იასპარეზებს.
60 კგ-ში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი პირველ წრეს გამოტოვებს, მეორე ეტაპზე კი ანგოლის წარმომადგენელს, ლეონარდო ბაროშს შეხვდება.
66 კგ-ში ასევე მეორე წრიდან იჭიდავებს ვაჟა მარგველაშვილი, რომლის მოწინააღმდეგეც ესტონელი ვილარ ლიპარდისა და მონღოლი ბასხუუ იონდონპერენლეის დაპირისპირებაში გამოვლინდება.
73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი პირველ შეხვედრას ბულგარელ მარკ ჰრისტოვთან ჩაატარებს.
81 კგ-ში საქართველოს ნაკრებს ორი წარმომადგენელი ეყოლება: ტატო გრიგალაშვილი – ვენესუელელი ლუის პარიჩესა და თურქი ვედატ ალბაირაკის შეხვედრაში გამარჯვებულს, ხოლო ზაურ დვალაშვილი შვეიცარიელ ორელინ ბონფერონას დაუპიროსპირდება.
90 კგ-შიც ორი ძიუდოისტი იასპარეზებს. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური სერბ მილიან რადულისა და ბელარუს ალიაკსანდრ სიდორუკს შორის გამრჯვებულს შეხვდება, ლუკა მაისურაძე კი პირველ წრეში აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს დაუპირისპირდება.
100 კგ-ში ილია სულამანიძე მეორე წრეში უნგრელ სომბორ ვეგთან იჭიდავებს.
მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე ეტაპზე კი სლოვაკ მარიუს ფიზელს შეხვდება.
ქალების ტურნირზე 57 კგ-ში ეთერ ლიპარტელიანი მეორე წრეში სამხრეთკორეელ იუჰეე კიმს დაუპირისპირდება, ამავე წონაში ნინო ლოლაძის მეტოქე პირველ ეტაპზე შვეიცარიელი ბინტა ნდიაიე იქნება.
63 კგ-ში ეთერ ასკილაშვილი ჩინელ ჯინ ტანგს შეხვდება, მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი კი კოლუმბიელ ბრიჯიტ კარაბალის დაუპირისპირდება.