11 საათის და 11 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ვის შეხვდება ილია თოფურია UFC-ის მომდევნო ბრძოლაში - მზადება დაწყებულია

UFC-ის დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას თქმით, მომდევნო ბრძოლისთვის მოსამზადებელი ეტაპი ოფიციალურად დაიწყო.

„მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო“, – დაწერა თოფურიამ სოციალურ ქსელში.

მიმდინარე წლის დასაწყისში ქართველმა ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) საჩემპიონო ქამარი საკუთარი ინიციატივით დათმო და ასპარეზობის გაგრძელება მსუბუქ წონაში (70კგ) გადაწყვიტა. ილიამ ისიც რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მისი მომდევნო ბრძოლა მხოლოდ დივიზიონის ქამრისთვის იქნებოდა.

მსუბუქი წონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის გუნდში კი ხაზი გაუსვეს, რომ თოფურიამ ჯერ სატიტულო შეხვედრა უნდა დაიმსახუროს და მასთან დაპირისპირებას მახაჩევი ჯერ არ აპირებს.

რამდენიმე გამოცემის ცნობით, ისლამ მახაჩევსაც 77კგ წონით კატეგორიაში გადასვლა აქვს გადაწყვეტილი და თოფურია მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის UFC 317-ზე, რომელიც ბრძოლების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში 29 ივნისს ლას ვეგასში ჩატარდება, ყოფილ ჩემპიონს, ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას შეხვდება, თუმცა ამ ინფორმაციას ჯერ UFC არ ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ქართველმა MMA-ში აქამდე 16 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო. UFC-ს ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის ბრძოლაში მან ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა, ხოლო ტიტული მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა.

Facebook კომენტარები